ეკონომიკა

იზრდება თუ არა საშუალო ხელფასი რეალურად? 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1 191 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 5.4%-ით მეტია. 

აღსანიშნავია, რომ ნომინალური ხელფასი თითქმის ყოველწლიურად იზრდება, რასაც მთავრობის წევრები დიდ წარმატებად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობისთვის გაუგებარია, როგორაა შესაძლებელი ხელფასი ყოველწლიურად იზრდებოდეს, თუმცა ცხოვრების დონე არ უმჯობესდებოდეს. 

ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე ფაქტორში იმალება, კერძოდ, ლარის გაცვლით კურსში, ინფლაციასა და საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდში. 

თუკი საშუალო ხელფასს დოლარში გადავიყვანთ, აღმოვაჩენთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელფასი არათუ გაზრდილა, არამედ შემცირებულია.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: 

  • 2012 წელს საშუალო ხელფასი 712 ლარი იყო, შესაბამისი პერიოდის კურსით – 431 დოლარი. 
  • 2013 წელს საშუალო ხელფასი 773 ლარი იყო, შესაბამისი პერიოდის კურსით – 465 დოლარი. 
  • 2014 წელს საშუალო ხელფასი 818 ლარი იყო, შესაბამისი პერიოდის კურსით – 472 დოლარი. 
  • 2020 წელს საშუალო ხელფასი 1 191 ლარი იყო, შესაბამისი პერიოდის კურსით – 368 დოლარი. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ნომინალური ხელფასის მოცულობა ლარში იზრდებოდა, მისი ღირებულება დოლარში არათუ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა. 2014 წელთან შედარებით, 2020 საშუალო ხელფასი 104 დოლარით ნაკლებია, რაც ამჟამინდელი კურსით 327 ლარს შეადგენს. 

რატომ უნდა გვაინტერესებდეს საშუალო ხელფასი დოლარში?

საქართველო იმპორტსა და უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებული ქვეყანაა. საერთაშორისო ბაზრიდან პროდუქტების შეძენა, ტურისტებისა თუ ინვესტორების მიღება პირდაპირაა დამოკიდებული ვალუტის გაცვლით კურსზე. შესაბამისად, ლოგიკურია, ქვეყნის ეკონომიკური მახასიათებლები დოლარში გავზომოთ და ასე შევაფასოთ, ვვითარდებით თუ არა. 

გარდა იმისა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი რეალურად არ გაზრდილა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამჟამად ქვეყანაში მაღალი, 12.3%-იანი ინფლაციაა.

მაღალი ინფლაციის დონე იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასები იზრდება, ანუ პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე წარსულში. 

საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარი პირდაპირაა დამოკიდებული ინფლაციის დონეზე, თუკი ნომინალური ხელფასის ზრდა ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თანხა მოცულობაში იზრდება, თუმცა რეალურად მისი მსყიდველობითი უნარი მცირდება, რადგან მისი საშუალებით შედარებით ნაკლები პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი. 

მესამე ფაქტორი საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდია და ის, თუ რას ასახავს ეს ინდიკატორი რეალურად. 

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე და იანგარიშება გამოკითხულ დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფით მათ საერთო რაოდენობასთან. მაგალითად, 2 დასაქმებულის საშუალო ხელფასი, რომელთაგან ერთის დარიცხული ხელფასი 10 000 ლარია, მეორისა კი 1 000, 5 500 ლარი – (10 000+1 000)/2 – იქნება.

საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებით მომუშავე პირები, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი, შესაბამისად, მაჩვენებელი არაფერს ამბობს თვითდასაქმებულებზე და მათ შემოსავლებზე. ცნობისთვის, 2020 წლის ბოლოსთვის, თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 32%-ს შეადგენს. 

საშუალო ხელფასის გასაანგარიშებელ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საწარმოთა და ორგანიზაციათა კვლევა, რომელშიც, ყოველკვარტალურად 15 000-მდე ობიექტი ირჩევა.  

მაჩვენებლის სწორი ინტერპრეტირებისთვის მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ რეალური და ნომინალური ხელფასი. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ნომინალურია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაქირავებით დასაქმებულთა მიერ ვალუტაში აღებული ხელფასის რიცხვობრივ ოდენობას აღწერს და არა ამ თანხის მსყიდველობით უნარს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკანასკნელ წლებში საშუალო ხელფასი რეალურად არ გაზრდილა, უბრალოდ, ლარი გაუფასურდა.

კომენტარები