კრიპტოვალუტა

გენსლერი: აშშ ჩინეთის მაგალითს არ გაიზიარებს და კრიპტოვალუტას არ აკრძალავს 

SEC-ის ხელმძღვანელი, გარი გენსლერი

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის [SEC] ხელმძღვანელის, გარი გენსლერის თქმით, ციფრული აქტივების მთავარი მარეგულირებელი ორგანო კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აკრძალვას არ აპირებს. 

კონგრესის მოსმენისას გენსლერმა თქვა, რომ აშშ ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მაგალითს არ გაიზიარებს და მკაცრი რეგულაციების გზას არ აირჩევს. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობა 2013 წლიდან ცდილობს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოაქტივების შეზღუდვას. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტით ვაჭრობა აიკრძალა, შემდეგ მისი მოპოვების პროცესი, ანუ მაინინგი, ბოლოს კი მარეგულირებელმა ორგანომ საბოლოოდ აკრძალა კრიპტოვალუტის ტრანზაქციები. 

SEC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, აშშ-ს მიდგომა ჩინეთისგან სრულად განსხვავებულია და კომისია ზომიერი რეგულაციების დაწესებას მიიჩნევს ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად. 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ სავაჭრო პლატფორმებსა და ბირჟებს დაეკისროთ ინვესტორებისა და მომხმარებლების თაღლითებისგან დაცვის ვალდებულება. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის ტრანზაქციები თანხვედრაში უნდა მოვიდეს აშშ-ს კანონმდებლობასთან, კერძოდ, გადასახადების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციებთან. 

შეგახსენებთ, რომ გენსლერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში [MIT] კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ სალექციო კურსს კითხულობდა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელად კრიპტოაქტივების სფეროს ექსპერტი დაინიშნა, რაც, გარკვეულწილად, იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ს მთავრობისთვის ციფრუი აქტივების სათანადოდ დარეგულირების საკითხი. 

აგვისტოში გენსლერმა თქვა, კრიპტოვალუტა დაურეგულირებელი ველური დასავლეთია, რომელიც სავსეა თაღლითებია და ცუდი აქტორებით. 

"კრიპტო სფეროში ინვესტორთა დაცვისათვის საჭირო მექანიზმები ჯერაც არ გვაქვს. გულწრფელად რომ თქვათ, ამჟამად ეს უფრო ველურ დასავლეთია.

ჩვენი მოვალეობა ინვესტორების თაღლითებისგან დაცვაა, ამისათვის კი მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესების შექმნაა საჭირო". – თქვა გენსლერმა. 

2021 წელს კრიპტომარკეტისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას აშშ-ს პოზიცია წარმოადგენს, რამდენად მკაცრი იქნება მარეგულირებელი ორგანოს მიდგომა კრიპტოვალუტის მიმართ, ჯერაც უცნობია.

კომენტარები