არჩევნები 2021

ზეწოლა დამკვირვებლებზე, ამომრჩევლის მოსყიდვა, უბანზე აღრიცხვა –  ISFED-ის შეფასება 15:00-სთვის

ტაბულა

სამართლიანი არჩევნები (ISFED) 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობას აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა აღრიცხეს ზეწოლის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და უბნის შიგნით მათი აღრიცხვის ფაქტები. 

"გვაქვს სამი შემთხვევა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის შესახებ. ერთი-ერთი მინდა გამოვყო, ეს იყო ზუგდიდის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც ჯერ გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებელი, შემდეგ ჩვენი მობილური ჯგუფი და შემდეგ ადგილზე მისული ჩვენი რეგიონალური წარმომადგენელი, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია საზოგადოებრივი გაერთიანება საქართველო, როგორც ჩანს, მისი წარმომადგენელი უფრო მართავს კომისიას, ვიდრე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ასევე, ჩვენ დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტი გვქონდა რუსთავის 38-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის 21-ე საარჩევნო უბანზე და ახლა გზაში დამაწიეს, რომ მარნეულის მე-14 უბანზე ხდება ზეწოლა დამკვირვებელზე და ცდილობენ, რომ ის გააძევონ უბნიდან, რადგან აფიქსირებს დარღვევებს. 

ჩვენ ამ ეტაპისთვის ასევე უბნის შიგნით ტერიტორიაზე გამოვავლინეთ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 შემთხვევა. აქ სხვადასხვა ტიპის შემთხვევები იყო - მათ შორის, როდესაც კაბინიდან გამოდიოდნენ ამომრჩევლები და ღიად აფიქსირებდნენ, ვის მისცეს ხმა. იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც კაბინები ახლოს იყო კომისიის წევრებთან და აქ ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა ან ბიულეტენები სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში". - ამბობს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

სამართლიანმა არჩევნებმა უბნის შიგნით ტერიტორიაზე აგიტაციის 4 შემთხვევა აღრიცხა - დედოფლისწყაროს მე-4, ჩოხატაურის მე-14, აბაშის მე-10 და ბორჯომის 1-ელ საუბნო-საარჩევნო კომისიებში. ასევე, დამკვირვებლების ინფორმაციით, გამოვლინდა უბნის მოწყობის წესის დარღვევის 3, ბიულეტენების დასტებთან დაკავშირებული 2 შემთხვევა. 

"ამ არჩევნებზე დაფიქსირდა ტენდენცია - 8 შემთხვევა გვაქვს ამომრჩევლის სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათ შორის, რამდენიმე უბანში ამომრჩევლები აღმოჩნდნენ სპეციალურ სიაში, როდესაც მათ არ მიუმართავთ, რომ ისინი სპეციალურ სიაში უნდა ყოფილიყვნენ. შესაბამისად, შეეზღუდათ მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა". - ამბობს 

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც უბნის შიგნით ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ - რუსთავის 44-ე, რუსთავის 38-ე და დმანისის მე-10 საარჩევნო უბნებზე.   

რაც შეეხება საარჩევნო უბნების გარეთ გამოვლენილ დარღვევებს - ISFED-ის ცნობით, 25 მეტრში სააგიტაციო მასალა გორის 103-ე (ქართული ოცნების მასალა), ბოლნისის 46 (ქართული ოცნების), სამგორში (ქართული ოცნებისა და ენმ-ის), მარნეულის მე-16 უბანთან(ქართული ოცნების) იყო.  

"უბნის გარე ტერიტორიებზე კოორდინატორების მობილიზების 3 შემთხვევა გვქონდა - რუსთავში მე-60, ნაძალადევის მე-17 და ხელვაჩაურის 30-ე უბანი. ჩვენ დავაფიქსირეთ სავარაუდო მოსყიდვა უბნის გარე ტერიტორიაზე. ზუგდიდის მე-5 უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე. ასევე, ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის 30-ე საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა, როდესად ერთ-ერთ მოქალაქეს სავარაუდო ტალონი გადაეცა. ქობულეთის 64-ე უბანთან იმყოფება ორგანიზაცია მწვანე დედამიწის წარმომადგენელი, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემს. ვაკის 75-ე უბანთან მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩეველს გადასცემენ თანხას"

ამომრჩეველთა სახელებითა და გვარებით აღრიცხვის 6 ფაქტი გვაქვს უბნის გარე ტერიტორიაზე და, გარდა ამომრჩეველთა აღრიცხვისა, დავაფიქსირეთ 6 შემთხვევა, როდესაც 100 მეტრის მანძილზე პირთა საეჭვო შეკრება დაფიქსირდა. ესეც კანონმდებლობით არის აკრძალული - ასეთი იყო ბაღდათის მე-2 უბანი, ვაკის 75-ე, ხელვაჩაურის 30-ე, სამგორის 49-ე უბნები. ასევე, იყო 100 მეტრის იქეთ ამომრჩევლის კონტროლის მექანიზმები, თუმცა ეს კანონმდებლობის ნაწილში არ ექცევა - მათ შორის, ამომრჩევლის მობილიზების ფაქტები. ზოგიერთი ადამიანი მანქანაშ იმყოფება და იქედან აკვირდება ამომრჩევლების შესვლას და გამოსვლას". - ამბობს დოლიძე.

ასევე, ISFED-ის ინფორმაციით ხულოს მე-11 უბანთან არაუფლებამოსილი პირი კენჭისყრის ოთახში შესვლას ცდილობდა. 

"ამ ეტაპისთვის ჩვენ, დაახლოებით, დავწერეთ 86 საჩივარი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საუბნო, ასევე საოლქო და ერთი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში". - ამბობს ნინო დოლიძე. 

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები