არჩევნები 2021

წითლიძე: ზუგდიდში ქართული ოცნება უბნებზე კარუსელებს აორგანიზებს

ანი წითლიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანი წითლიძის ცნობით, ზუგდიდში ქართული ოცნება ყველა უბანზე კარუსელების დაორგანიზებას ცდილობს. ამის შესახებ მან ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. 

"როგორც ჩანს, დილიდან უკვე პანიკაში ჩავარდნილი ქართული ოცნების შტაბი ცდილობს ახლა, რომ დააორგანიზოს ზუგდიდში კარუსელები ყველა უბანზე. ჩვენი ინფორმაციით, კარუსელის მცდელობებს ადგილი ჰქონდა 81-ე და 84-ე უბნებზე, რომლის აღკვეთაც ჩვენ შევძელით. 

მე ახლა გასავაჯაროვებ იმ ადამიანების სიას, სახელსა და გვარს, რომლებიც არიან ზუგდიდში კაზინო ვეგასის თანამშრომლები: დიმა ჩახაია, ლევან მიქავა, საბა ქუთელია, გოჩა კეკუტია და ლაშა ჯაიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დავალება მიღებული ქართული ოცნების შტაბიდან, კერძოდ, ქართული ოცნების წევრის, გია სალიას მხრიდან, რომ დღის განმავლობაში იმ კონკრეტულ უბნებზე, სადაც მათ ექნებათ პრობლემა, დაატრიალონ კარუსელი, ანუ შევიდნენ ყალბი პირადობის მოწმობებით და მისცენ ხმა იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც არ არიან ზუგდიდში. 

ჩვენ შევძელით პირველი ასეთი ფაქტის აღკვეთა 81-ე და 84-ე უბნებზე. 55-ე და 56-ე უბნებზე ასევე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები. მე მოვუწოდებ კომისიის ყველა წევრს და ჩვენს წარმომადგენლებს უბნებზე, იყავით ყურადღებით". – თქვა ანი წითლიძემ. 

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ზუგდიდში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი ანზორ მელიაა. 

კომენტარები