არჩევნები 2021

ISFED/TI/ქარტია: წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი ოცნებასა და სახელმწიფოს შორის

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. ორგანიზაციების ცნობით, წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია, ქართული ოცნება სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული და სხვა ტიპის რესურსების მობილიზაციის გამო.

  • ორგანიზაციების ცნობით, წინასაარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებისა ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანმა გამოძიებამ.
  • ზეწოლა-მუქარის შემთხვევებში ხშირად იკვეთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა. წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიციირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას.
  • პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი ამ არჩევნებზეც თვალშისაცემი იყო. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე.

"ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება. მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების არაეფექტურმა გამოძიებამ გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პროცესებზე და საზოგადოებაში პოლარიზების ხარისხი გაზარდა. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო". – ნათქვამია საერთო შეფასება.

კომენტარები