ადამიანები ითხოვენ არა ახალ სახეებს, არამედ ახალ პოლიტიკას – ინტერვიუ ანა ბიბილაშვილთან

ადამიანები ითხოვენ არა ახალ სახეებს, არამედ ახალ პოლიტიკას – ინტერვიუ ანა ბიბილაშვილთან

მიუხედავად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან სიტუაციური თანამშრომლობისა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ლელო არ შეუერთდა 4 ოპოზიციური პარტიის კოორდინაციას, რომლებმაც საერთო კანდიდატების დაყენება გადაწყვიტეს. 

პარტიას თბილისის მერის არჩევნებზე არქიტექტორი და ურბანისტი, ანა ბიბილაშვილი წარადგენს. პროფესიიდან გამომდინარე, ნაციონალური პოლიტიკის საკითხებზე მეტად ის სწორედ თბილისის ურბანულ პოლიტიკაზე ფოკუსირდება.

იმაზე, თუ რა მიაჩნია თბილისში მთავარ პრობლემად და როგორ ხედავს თბილისის განვითარების გზებს, კანდიდატი ტაბულას ვრცლად ესაუბრა. 

რატომ გადაწყვიტეთ თბილისის მერის არჩევნებისთვის კენჭისყრა და რატომ არ შეუერთდა ლელო სხვა პარტიებს, რომლებთანაც სხვადასხვა სიტუაციაში თანამშრომლობდა?

ერთი ისაა, რომ მართლა 15 წელია, ჩემი პროფესიაა სივრცის მოწყობა, ქალაქი, ქალაქის განაშენიანება და განვითარება, სწორი დაგეგმარება და მდგრადი განვითარება, რომლის მნიშვნელობაც სამწუხაროდ, იშვიათად ესმით ხოლმე რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ დღეს, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებლის მომტანი იყოს. პრობლემები კი არ შექმნას, რასაც დღეს ვხედავთ, არამედ სარგებელი მოუტანოს და უკეთესი მიმართულებით წაიყვანოს ქალაქი და ბევრად უკეთესად იცხოვრონ ადამიანებმა. 

ქალაქი არის ადამიანებისთვის შექმნილი. თავიდანვე ამისთვის შეიქმნა, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი და ადამიანებმა თავი იგრძნონ კარგად ამ სივრცეში. ეს იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ წლების განმავლობაში ვხედავ, როგორ შეცდომებს უშვებს სხვადასხვა მმართველობა ქალაქთან მიმართებით. ამას თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის, იმიტომ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მერები იღებენ, არის მოკლევადიანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ რაღაც კარგი გავაკეთოთ ქალაქისთვის, უნდა მივიღოთ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები. ზოგჯერ ეს 4 წელში არ ჩანს და მერე ჩნდება, წლების შემდეგ, რამდენად კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ოღონდ ჩანს ძალიან მასშტაბურად. ამ დროს ხშირად ასე ეგოისტურად ცდილობენ, რომ თავიანთი ინტერესი გაატარონ და ეს ძალიან კარგად ეტყობა კალაძის მმართველობას. მას ურჩევნია დეკორატიული სკვერი მოაწყოს, იმიტომ, რომ ეს ჩანს, ვიდრე ერთიან მასშტაბში მწვანე ქსელი განავითაროს ქალაქში და დაამატოს სარეკრეაციო სივრცეები. 

ეს არჩევნები არის რეფერენდუმი და კვლევები გვაჩვენებს, რომ ადამიანები ითხოვენ ახალ პოლიტიკას. ხშირად ჰგონიათ, რომ ადამიანები ითხოვენ ახალ სახეებს, რეალურად ამის მიღმა არის ძალიან მნიშვნელოვანი არსი ჩადებული, რომ ადამიანებს სჭირდებათ ახალი ტიპის პოლიტიკა, იმიტომ, რომ თუ ჩვენ პოლიტიკაში შემოვიყვანთ ახალ სახეებს, მაგრამ ისინი გააგრძელებენ იმავე რიტორიკას, ტალახის სროლის. კრიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კრიტიკას უნდა მოჰყვებოდეს გადაწყვეტილების გზები. სხვაგვარად ასე პრობლემებზე ისაუბრებს ყველა და ყველა წავალთ და ვიტყვით, რომ აი, ჰაერი როგორი დაბინძურებულია, სატრანსპორტო პოლიტიკა რას ჰგავს, სოციალური პოლიტიკა და ეს ადამიანები რა პირობებში ცხოვრობენ, მიტოვებულები არიან... მეც ძალიან კარგად ვიცი ეს, ბევრ მათგანთან საცხოვრებელ სახლში ნამყფოი ვარ, მაგრამ სად არის პასუხი?

ჩვენი ამოცანა და ლელოს ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ შეგვეთავაზებინა პასუხები, განსხვავებული პოლიტიკა, გადაგვედო გვერდით ეს ურთიერთდაპირისპირება, რომელსაც უზარმაზარი ენერგია და დრო მიაქვს და გვესაუბრა წინასარჩევნოდ მაინც და, ჩემი აზრით, მუდმივად ამაზე უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს, რა სჭირდება ამ ქალაქს, რა სჭირდება მის განვითარებას და როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ განსხვავებებს. ვინ მოგვწონს, ვისი დაწყებული პროექტი მოგვწონს. ესეც პრობლემური გახდა თბილისში, რომ წინა ხელისუფლების დაწყებული ზოგიერთი პროექტი გააჩერეს მარტო იმიტომ, რომ ვიღაცის სახელი ერქვა და ასე თუ გავაგრძელეთ და, უბრალოდ, არ შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ჩვენი შინაგანი, პირადი განწყობები საერთო ინტერესისთვის, მაშინ ადამიანები ვერ დაინახავენ, რატომ მოვიდნენ არჩევნებზე. ადამიანები უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ მან იცის, რომ თუ ის რაღაც არჩევანს გააკეთებს, ამით მისი ცხოვრება შეიცვლება. ეს არის ამოცანა. 

თუკი მეორე ტურში თქვენ ვერ გახვალთ, დაუჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის სხვა კანდიდატს? 

ეს რეალურად მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ლელომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და საერთოდ არაცნობადი სახე დააყენა მერობის კანდიდატად ჩემი სახით, ცხადია, ჩვენ გვაქვს გამარჯვების ამბიცია და ვიბრძვით გამარჯვებისთის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხედავთ 16 კანდიდატს შორის ვის აქვს შინაარსი. ჩვენ ამაზე გვაქვს ხოლმე აქცენტი. 

ვიღაცები საუბრობენ ნარკოტიკების მოხმარებაზე, თუ ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, თუ ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე და არავინ საუბრობს ამ ქალაქის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს. მე, როგორც ამ ქალაქის მცხოვრებს და დარწმუნებული ვარ, თქვენც და ყველა ადამიანს, მაქვს კითხვები პოლიტიკურ მხარეებთან, მითუმეტეს მერობის კანდიდატთან – რას აპირებ? როგორ აპირებ ამ ქალაქის განვითარებას? და ამ კითხვებზე პასუხი სჭირდება ამომრჩეველს და არა ის, ვინ რას მოიხმარს. როდესაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შინაარსი, რა პოლიტიკის გატარებას ვაპირებთ და როგორ და რამდენ ხანში შევცვლით თითოეული ადამიანის ცხოვრებას. 

შესაბამისად, გამომდინარე იმ შინაარსიდან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს გამარჯვების სურვილი, ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში არ ვიქნები, გულწრფელად შემიძლია, გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ დასავლური ღირებულებების მქონე ოპოზიციურ ძალას. 

რას ფიქრობთ თბილისი პრაიდზე და შეგიძლიათ თუ არა, დადოთ პირობა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებთ, რათა დაიცვათ სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლება?

ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა ვუთხრათ ადამიანებს და მინდა, რომ ხშირად გავაკეთოთ ამაზე განმარტება და აქცენტი. ეს ადამიანები იბრძვიან სიცოცხლისთვის. ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები იბრძვიან სიცოცხლისთვის. ადამიანის უპირველესი ღირებულება, ეს არის სიცოცხლე და სახელმწიფო უნდა იცავდეს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს, უნდა ფუნქციონირებდეს და სახელმწიფო უნდა იცავდეს კონსტიტუციას, შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება უნდა იყოს ადამიანებისგან დაცული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ გამოხატვის საჭიროების მქონე. 

ჩვენ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და მე პირადად მაქვს ხოლმე მკვეთრი პოზიცია, რომ თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო და გვინდა განვვითარდეთ, უბრალოდ, უნდა შევწყვიტოთ კითხვების დასმა, დავემორჩილოთ, თუ არა კონსტიტუციას და კანონს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო მყარად უნდა იდგეს კანონის და კონსტიტუციის აღსრულებასთან დაკავშირებით. 

თქვენი აზრით, რა არის თბილისში მთავარი გამოწვევა, რომელსაც უპირველეს ყოვლისა უპასუხებთ მერად არჩევის შემთხვევაში? 

იმდენი გამოწვევა აქვს ამ ქალაქს, რომ ამორჩევა ძალიან რთულია, მაგრამ ასე ვთქვათ, ყველა დანარჩენი გამოწვევა ამაზეა მიბმული, რომ ქალაქს არ აქვს ხედვა, სტრატეგია, როგორი ქალაქი უნდა იყოს 4 წლის შემდეგ, 8 წლის შემდეგ და 80 წლის შემდეგაც, როგორი ქალაქი უნდა მივიღოთ და გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მმართველობა იღებს, საერთოდ გამორიცხავს ადამიანის ინტერესს. 

არის სხვადასხვა ვერსია, ზოგს ვიზუალურად მოსწონს, ზოგი პრეზენტაბელურია და ლამაზად იფუთება, მაგრამ ეს არ არის მორგებული ადამიანების საჭიროებაზე, არავინ არ ეკითხება იქ მცხოვრებ ადამიანებს, მათ რა უნდათ, რა სჭირდებათ და, შესაბამისად, ვიღებთ იმას, რასაც ვხედავთ, ყველა კომპონენტში. 

ეს ქალაქი აღარ იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. რა არის პრიორიტეტი არამხოლოდ ქალაქისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის? რომ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი იყოს დაცული. თუ ამას არ პასუხობს, და არ პასუხობს ამას ეს ქალაქი, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი ინგრევა და ამ მხრივ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პრობლემები ურბანული მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ჰაერის ხარისხის მიმართულებით, წყლის ხარისხის მიმართულებით, ნარჩენების მართვის კუთხით. სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის ქალაქი, როგორ უნდა შექმნას, თუ ახალი ცენტრები არ შევქმენით, ინვესტიციები არ შემოვიტანეთ? ბოლო ოთხ წელში 5-ჯერ შემცირდა უცხოური ინვესტიციები თბილისში. ქალაქის ბიუჯეტი არის სულ მილიარდ ორასი მილიონი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე რომ გადაიანგარიშო, ვერაფერს ვერ პასუხობს მაშინ, როდესაც 200 000-ზე მეტი ადამიანი გვყავს რეგისტრირებული სოციალურ სააგენტოში და ყველა ვერ იღებს ამ დახმარებასაც, რაც არის 2 ლარი დღეში და ვერაფერს ვერ აკმაყოფილებს. ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა მიდის მაინც იქამდე, რომ ქალაქს ჰქონდეს სტრატეგია, იყოს მიმზიდველი გარემო საინვესტიციოდ, შექმნას ახალი ცენტრები, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი იფრასტრუქტურა და საერთაშორისო მასშტაბით გახდეს მოთამაშე მსოფლიო რუკაზე. ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება ნაბიჯ-ნაბიჯ ჯერ ერთიანი ხედვა, საით მიგვყავს ქალაქი და მერე ნაბიჯების გადადგმა სატრანსპორტო პოლიტიკაში, ურბანულ პოლიტიკაში, კულტურულ მემკვიდრეობაში, ეკოლოგიურ, თუ გარემოს დაცვით საკითხებში, საკანონმდებლო საკითხებში. 

როგორც ურბანული პოლიტიკის ექსპერტი, როგორ ხედავთ თბილისის სატრანპორტო განვითარების პოლიტიკას? ვინაიდან, ყველა იმ პრობლემასთან ერთად, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ასევე გადაუჭრელ პრობლემად რჩება გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და  საცობები. 

ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ამას. ერთია, რაც ჩანს, მაგალითად, ის, რომ ჩვენ საცობებში ვატარებთ ცხოვრების ერთი წლიდან ერთ თვეს – უზარმაზარი დროა, თითქმის 10% ცხოვრების. და მეორე, ეს არის, რაც არ ჩანს. რაც არ ჩანს, ისაა, რომ ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებისა თბილისში, რომელიც უკვე ჩანს სტატისტიკებში, ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი მაჩვენებლის, თუ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, რომელიც ყოველ 4 წელიწადში 2-ჯერ იზრდება ამ ქალაქში. ბოლო 8 წელში 4-ჯერ გაიზარდა და ასე მასშტაბურად იზრდება. ეს ჩანს სტატისტიკაში. 

ტრანსპორტი როგორც პრობლემა ისე რომ განვიხილოთ, ეს მსხვილი ნაწილია, იმიტომ, რომ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე მოქმედებს ძალიან მძიმედ, გარდა იმ დროისა, რომელსაც საცობში ვატარებთ და იმ დისკომფორტისა, რომელსაც ეს საცობები და სატრანსპორტო პრობლემები უქმნის ქალაქს.

როგორ ვაპირებთ გამოსწორებას? ჩვენ ამ 9-პუნქტიან გეგმაში ერთი პუნქტი გვაქვს დათმობილი ამ შეკავშირებული ქალაქის კონცეფციაზე და გვაქვს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა კომპონენტის განვითარებით, ერთიანი გააზრებით უნდა მოხდეს სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება. დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ ერთი ქუჩის გადაკეთებას, გარემონტებას, ან მეორე ქუჩის გარემონტებას ასე მოგლეჯილად, რაც ქმნის უზარმაზარ კოლაფსს. რომ წარმოვიდგინოთ სატრანსპორტო ნაკადი, ეს არის მდინარესავით. თუ ჩვენ ამ მდინარის ტალღას სადღაც შევაჩერებთ, სხვაგან ამოხეთქავს ეს ყველაფერი და ზუსტად ეს ხდება ჭავჭავაძის შემთხვევაში, რომ მიმდინარე ქუჩებს საერთოდ უმძიმესი მდგომარეობა შეუქმნა და ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. 

რაც შეეხება ამ პრობლემის მოგვარებას როგორ ვაპირებთ. დღეს უკვე ჩაშლილად 2 საათის განმავლობაში დისკუსია გვქონდა, როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები და მათ შორის მიწისზედა სადგურების დამატებით, მოცდის დროის შემცირება, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ შორის, საბაგიროების ხაზის დამატება, რკინიგზის გადატანის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი ხედვა, რომ რკინიგზის ხაზის სატვირთო ნაწილი უნდა გადავიდეს, რა თქმა უნდა, ქალაქის ცენტრს მიღმა, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, დამაბინძურებელია, მეორე მხრივ, ეს გამოთავისუფლებული 70 ჰა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი გამოიყენება კომერციული-ფინანსური ცენტრის მოსაწყობად და ეს მოიზიდავს ძალიან დიდ ინვესტიციას, იმაზე მეტს, ვიდრე ქალაქს დაუჯდება რკინიგზის ხაზის გადატანა და ეს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ამ ქალაქს. დანარჩენი ტერიტორია, შეიძლება, გამოყენებული იყოს უკვე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისთვის და რომ წარმოვიდგინოთ ახლა, რომ რკინიგზის ეს მაგისტრალი წყვეტს შუაში ქალაქს და ერთ მხარეს თითქმის სხვა ქალაქია და მეორე მხარეს ინფრასტრუქტურული საკითხებიც კი მიტოვებულია და არ ვითარდება, უცბად ეს გამყოფი გადაიქცევა მთავარ შემაკავშირებლად და მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ამ ქალაქს. 

ამ და სხვა მრავალი ტექნიკური დეტალების გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია, რომ არათუ 4 წელში, ერთ წელში არ გვქონდეს საცობები თბილისში. 

გასულ კვირას გამოქვეყნდა ე.წ სუს-ის ფაილები, რამაც საზოგადოება შეძრა მოსმენებისა და თვალთვალის მასშტაბით. თქვენი აზრით, მასობრივი მოსმენების პირობებში ჩატარებული არჩევნები რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად? 

ის, რაც ჩვენ ვნახეთ ამ საყოველთაო მოსმენებთან დაკავშირებით, უბრალოდ, გამაოგნებელია. ეს არის ნიმუში იმისა, რომ სისტემამ ჩამოშალა სახელმწიფოებრიობა. ეს მანკიერი სისტემა არათუ დასრულდა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არ დაწყებულა, ამ ხელისუფლებამ ბოლომდე მოირგო და საკუთარი გავლენის სრულად შესანარჩუნებლად და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს ყველა დონეზე და ყველა მასშტაბში. წინასაარჩევნოდ რას ემსახურება ამის გამოტანა, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, ანგრევს წინასაარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანებს, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას, უკუეფექტი გამოიწვია ფაქტობრივად, რომ ადამიანები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, იმისთვის, რომ ეს მანკიერი სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალონ და რეალურად ავირჩიოთ მომავალი ამ ქვეყანაში. ავირჩიოთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. 

ეს შესაძლებელია. მოსმენების საკითხიც და ბევრი სხვა საკითხიც არის ამ არასწორი სისტემის ბრალი, რომელიც შეგვიძლია ერთად შევცვალოთ 2 ოქტომბრიდან სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში. ამ დროს ძალიან ბევრი საკითხი სწორი მიმართულებით წავა, ქვეყანა დასავლურ კურსს აირჩევს და ა.შ. რაც თავისთავად გამოასწორებს იმ დანარჩენ პრობლემებს. კოალიციური მმართველობა გამოასწორებს ამ პრობლემას, იმიტომ, რომ ეს უკვე იქნება ბერკეტი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

თქვენ ამბობთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, თუმცა, ამ მტკიცებამ ამომრჩეველთა ფართო მასასა და დასავლელ პარტნიორებში საკმარისი დამაჯერებლობა ვერ მოიპოვა. ამ არჩევნებისთვის როგორ ემზადება ოპოზიცია, რომ იგივე არ განმეორდეს? მაგალითად, ისევ არ მოისყიდონ ოპოზიციის დამკვირვებლები.

წინა წლის არჩევნები, ცხადია, იყო ძალიან რთული ჩვენთვისაც, ქვეყნისთვისაც და, ცხადია, გაყალბდა. მე მაშინაც ვიყავი ჩართული ამ პროცესებში და ძალიან კარგად დავინახე, რაც ხდებოდა, განსაკუთრებით, რეგიონებში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2 000-ზე ცოტა მეტი განცხადება იყო შეტანილი დარღვევებთან დაკავშირებით, ამის განხილვა არ მომხდარა და იმ ნაწილში, სადაც მოხდა, ამაზეც უარყოფითი დასკვნა გაიცა. ამ არჩევნებისას სრულიად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რამხელა მხარდაჭერა არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს უნახავს და ჩვენ ეს უნდა გმოვიყენოთ. 

მაგალითად, ეუთო/ოდირის მისიიდან 380 ადამიანი იქნება საქართველოში, მაშინ, როდესაც შარშან იყო მხოლოდ 30 ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიური ვითარება ქვეყანაში გაცილებით რთული გვაქვს წინა წელთან შედარებით, მაგრამ ესეც აჩვენებს, როგორი დაკვირვების ქვეშ არის ეს არჩევნები და ესეც აჩვენებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რამდენად აანალიზებენ, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი არჩევნებია. ამას ჩვენც ვხედავთ, მოსახლეობაც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. 

ჩვენს პარტიას კომისიებში უკვე ჰყავს წევრები, ესეც მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ მხრივაც მოვახდინოთ დაკვირვება, რომ არ ვისაუბროთ იმ სადამკვირვებლო მისიებზე და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საერთო ფონი არის ბევრად განსხვავებული. ეს ქუჩაშიც ჩანს, როდესაც ადამიანებს ვეკითხები, აცნობიერებენ, თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები, ისინი ამბობენ, რომ მზად არიან, თვითონაც დაიცვან ეს ხმები და დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად მაქსიმუმს გავაკეთებთ. 

ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც ერთ მხარეს უნდა დავეყრდნოთ, ან სადამკვირვებლო მისიას, ან კომისიის წარმომადგენლებს, არამედ ყველამ ერთად, თითოეულმა ადამიანმა უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა, იმიტომ, რომ ისევ ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ 2 ოქტომბერი იქნება ამ ქვეყნისთვის გარდამტეხი და შანსი, რომელიც ახლა მოგვეცა, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმების შედეგად, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად.