არჩევნები 2021

ვოლსკი: გამორიცხულია, ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებით ლაქა დაიდოს ცხოვრების მანძილზე

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ გამორიცხულია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით "ლაქა დაიდოს ცხოვრების შემდგომ მანძილზე". 

ამის შესახებ ვოლსკიმ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის განცხადება დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

"შეიძლება თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ რაღაც სუბიექტივიზმი დაუშვა, ჯერ ერთი არ დაუშვა. ქართულმა სასამართლომ ზუსტი განაჩენი გამოიტანა. ეს არ არის პიჯაკების საქმე ყველამ იცის, რომ სერიოზულ თანხაზეა საუბარი. ვალერი გელაშვილი დალეწილი და მოკლულია ფაქტობრივად. იგივე გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და სასათბურე პირობების მოწყობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის აღიარებული. კიდევ რამდენიმე საქმეა. არსებობს საერთაშორისო სასამართლო, არც სალომე ზურაბიშვილია ისეთი გულუბრყვილო, რომ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნების გარეშე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს".- ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, პროკურატურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე სისხლისსამართლებრივ საქმეებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

28 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობების შემდეგ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა ნათელია.

კომენტარები