არჩევნები 2021

დეკანოზი ანდრია: არავის გაუკვირდეს, თუ მრევლს მკაფიოდ ვეტყვით, რა გააკეთოს არჩევნებზე

"არავის გაუკვირდეს, თუ მრევლს მკაფიოდ ვეტყვით, რა გააკეთოს არჩევნებზე". - ამბობს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გავრცელებულ მასალებზე საუბრისას, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. დეკანოზი ანდრიას თქმით, მედია ცდილობს, ეკლესია პოლიტიკაში ჩართოს. ის ტელეკომპანიებს მიმართავს, ნამდვილად სურთ თუ არა, მრევლს უთხრან, რას ფიქრობენ მათზე, ვინც "ამ ტელევიზიების უკან დგას".

"თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, შეიძლება, შეკითხვა დავსვათ, მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? მართლა გინდათ, რომ ჩვენ ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ, რომ ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდოთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთებაც და იქნებ ამაზეც იფიქრონ. წინასაარჩევნოდ რომ ხდება ეს ამბები, მგონი, რომ ესეც მინიშნება არის იმაზე, რომ ვიღაც ცდილობს ეკლესიის ჩართვას საარჩევნო პროცესში. მე მგონი, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციის კუთხით ცდილობს, ეს წარმოაჩინოს, თავის თავს ვნებს ძალიან.

[...] ეს ტელევიზიები არიან ძალიან მონდომებული, რომ პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ ეკლესია და, უბრალოდ, ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ ვუსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, თქვენ შესახებ რასაც ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე". - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ერთსულოვნების ეთერში. 

13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები