არჩევნები 2021

NCDC ალმას: ხელშეკრულებაში ბანერებზე 3-თვიანი ვადა ნახსენები არაა, შეთანხმებით უნდა მომხდარიყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის წამახალისებელ ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გადაკვრასთან დაკავშირებით სარეკლამო კომპანია ალმას პასუხობს. NCDC აცხადებს, რომ კომპანიის მიერ განცხადებაში ხსენებული ბანერების განთავსების სამთვიანი ვადა ხელშეკრულებაში მოხსენიებული არ ყოფილა.

"ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებლია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო, ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენს მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს ალმა-სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული". – ნათქვამია განცხადებაში.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ, მათ შორის, ბანერი მხარეთა წინასწარი შეთანხმებით უნდა გადაადგილებულიყო.

21 სექტემბერს კომპანია ალმამ NCDC-ის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს უპასუხა და განაცხადა, რომ  ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები უსასყიდლოდ აქვთ განთავსებული. კომპანიის მტკიცებით, მათ მხოლოდ სამი ბანერი ჩაანაცვლეს და სანაცვლოდ, სხვა ადგილი გამოყვეს. ალმას განცხადებითვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს და ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და სამონტაჟო სამუშაოებს.


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა.

კომენტარები