არჩევნები 2021

ვინ რა სტრატეგია აირჩია წინასაარჩევნო კამპანიისთვის? – ინტერვიუები პარტიებთან

არჩევნები 2021

ვინ რა სტრატეგია აირჩია წინასაარჩევნო კამპანიისთვის? – ინტერვიუები პარტიებთან

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებსტაბულა დაინტერესდა პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგიით, გამოწვევებით, მიზნებითა და მათი მიღწევის გზებით, რაზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, დროას, გირჩი – მეტი თავისუფლების, მესამე ძალისა და ლელოს კამპანიის შექმნაში უშუალოდ მონაწილე პირებს ვესაუბრეთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ნიკა ობოლაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებული გახადა მისმა შინაარსმა, რადგან ის ოპოზიციისთვის რეფერენდუმია და მომავალ ცვლილებებს განაპირობებს.

"2021 წლის არჩევნები განსაკუთრებულია, იმიტომ, რომ ფორმით ის არის თვითმმართველობის არჩევნები და ის ფორმით ყოველთვის განსხვავდება საპარლამენტო, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებისგან, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვნად არის ხოლმე აღქმული საზოგადოების მიერ, თუმცა, მისი შინაარსით, ამ არჩევნებმა შეიძინა რეფერენდუმის არსი. ჩვენთვის ეს არჩევნები რეფერენდუმია და ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. ეს ცვლილებები არ იწყება ქუჩების მოპირკეთებით, ეს ცვლილებები არ იწყება საკანალიზაციო სისტემიდან, ეს ცვლილებები იწყება ქართული ოცნების დამარცხებიდან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან და შემდეგ მიდის კოალიციურ მთავრობამდე. ამიტომ ეს არჩევნები არის საქართველოს ისტორიისთვის განსხვავებული არჩევნები, როდესაც ფორმა არის ერთი, მაგრამ შინაარსი – მეორე". – ამბობს ნიკა ობოლაძე

მისივე თქმით, არჩევნების მნიშვნელობამ შეცვალა წინასაარჩევნო კამპანიაც, რადგან ენმ მოსახლეობასთან ურთიერთობისას სანამ ძირითად, ყოველდღიურ საკითხებზე დაიწყებს საუბარს, მას ფუნდამენტური ცვლილებების, მმართველობის შეცვლის შესახებ ესაუბრება.

"წინასაარჩევნოდ ჩვენ მოსახლეობას ვუხსნით და საჭიროა ავუხსნათ კიდევ უფრო მეტად, რომ მთავარი არის ცვლილებები და არა კონკრეტული, თუნდაც ურბანული პროექტები. ურბანულ პროექტებამდე რომ მივიდეთ, ამისთვის ნორმალურ გარემოში უნდა ვცხოვრობდეთ. რეფერენდუმის იდეამ შეიტანა ფუნდამენტური ცვლილება ამ არჩევნებში, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვუხსნით, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა შევცვალოთ". – თქვა ნიკა ობოლაძემ.

წინასაარჩევნოდ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა მასობრივ, ფართომასშტაბიან შეხვედრებზე, თუმცა მაინც გრძელდება ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაცია. ამასთან, ნიკა ობოლაძის თქმით, პარტია უფრო მეტად იყენებს კომუნიკაციის ისეთ გზებს, როგორებიცაა ტელევიზია, სოციალური მედია და სხვა.

ტაბულამ ენმ-ს წარმომადგენელს კითხვა დაუსვა იმ ახალ და ძველ გამოწვევებზეც, რომლებიც პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში შეხვდა. ობოლაძის თქმით, ძველი გამოწვევებს შორისაა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსისა და ძალოვანი სტრუქტურების მათ სასარგებლოდ გამოყენება, დაშინება და ქართული ოცნების მეტი ფინანსური რესურსი.

"ახალია, რომ ქართული ოცნების მმართველობიდან უკვე 9 წელი გავიდა და უკვე აღარაფერია მათ მმართველობაში გასაშიშვლებელი. ყველაფერი შიშველია, ყველაფერი ჩანს და კითხვებიც აღარ არის. ახალია ის 60 000 ფაილიც, რომელიც კონკრეტულად ეკლესიის წინააღმდეგ არის შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ახალია ის, რომ ამ მასშტაბით ქართული ოცნება ჯერ არასდროს ყოფილა გაშიშვლებული, თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმით, თუნდაც სუს-დან გამოჟონილი ინფორმაციებით, თუნდაც იმით, რომ 20 ივნისზე ქართული ოცნება ამბობს, რომ თურმე გახარიამ ბავშვებს თვალები დათხარა. ანუ ახალია ეს მასშტაბი მათი შიშისთვის". – ამბობს ობოლაძე.

ტაბულა ასევე დაინტერესდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში და ზოგადი პოზიციით, ვისზე დგას წინასაარჩევნო კამპანია – პარტიის ცნობილ ლიდერებზე თუ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში წარდგენილ უშუალო კანდიდატებზე. 

"იქნება ეს პარტიის ლიდერი, თუ ადგილობრივი ლიდერი (ჩვენ მათ ვეძახით რეფერენდუმის ლიდერებს), ყველამ უნდა ილიდეროს იმ დოზით, რომ რეფერენდუმი მოვიგოთ. პრინციპში, ამ ამბავში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს არც პარტიულ კუთვნილებას, თუ პარტია მიმართულია, რომ უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვისაც რა შეუძლია, ისე ლიდერობს და მუშაობს მთავარი იდეისთვის, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება". – თქვა ნიკა ობოლაძემ.

ობოლაძის აზრით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიისგან ყველაზე დიდი გაკვეთილი ქართულმა ოცნებამ მიიღო, რადგან საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს. მისივე თქმით, ეს გაკვეთილი იყო მათთვისაც, ვისაც მმართველი პარტიის პოზიციების შესახებ ეჭვი ეპარებოდა.

"გაკვეთილი მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობამ და კიდევ ერთხელ გაშიშვლდა ის სიმართლე, რომ ქართული ოცნების სიტყვას არ აქვს ფასი და მიუხედავად იმისა, რომ მათ გააყალბეს არჩევნები და შემდეგ სცადეს ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გზით, ისინი ამ დოკუმენტიდან მაინც გავიდნენ. ანუ ქართულმა ოცნებამ დაადასტურა, რომ საერთოდ არ აქვს ფასი მის სიტყვას. ეს, შეიძლება, ბევრმა ადამიანმა ვიცოდით, ბევრს ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ეს არის რაღაც ახალი და ეს არის ის, რაზეც უნდა ვისწავლოთ მომავლისთვის, როდესაც გადავდგამთ ნაბიჯებს. ქართული ოცნების არცერთ სიტყვას, არცერთ დაპირებას არ აქვს ფასი. მათ რამდენჯერმე "გადააგდეს" დასავლეთი, მათთვის ახლა მთავარი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა და არად აგდებენ არც აშშ-ს მონაწილეობასა და თავდებობას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაში, არც ევროკავშირის მონაწილეობას. ღიად ამბობენ – თუ ჩვენს ძალაუფლებას შეექმნება საფრთხე, ჩვენ არ გვაინტერესებს რა ვთქვით დასავლეთთან, ჩვენ თუნდაც ღიად წავალთ რუსეთისკენ". – თქვა მან.

კითხვაზე, იაზრებენ თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები 2021 წლის არჩევნების მნიშვნელობას, ობოლაძე გვპასუხობს, რომ ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობა იყო და, მისი აზრით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიამ მოქალაქეებს არსებული სიტუაცია საკმარისად აუხსნა.

"ყველაფერი რომ იდეალურად იყოს ქვეყანაში, ალბათ, უკვე შევცვლიდით ხელისუფლებას. შეიძლება, რაღაცებში ჩვენი ბრალი და პასუხისმგებლობა არის, რომ საკმარისად კარგად ვერ მივიტანეთ ამომრჩევლამდე, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ საკმარისად კარგად მივიდა ადამიანებამდე იმ სიტუაციის აღწერა, რაც დღეს ქვეყანაშია და 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგები ამას ცხადყოფს".  თქვა ობოლაძემ.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ტაბულას კითხვებს ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების წარმომადგენელმა, ევროპული საქართველოს კამპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა, ვასილ მათითაიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პარტიების საარჩევნო კამპანიები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსაკუთრებით შეუმჩნეველი გამოდგა, თუმცა ევროპული საქართველოს კამპანიას წინა წლებისგან მრავალი რამ გამოარჩევს.

"ამ კამპანიაში ჩვენ მთავარი აქცენტი ღირებულებით თანამოაზრეებზე გავაკეთეთ და კამპანიის მთელი შინაარსიც, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან ერთად, ძირითადად ამ მნიშვნელობების გარშემო ბრუნავს.

ქართული ოცნების ავტორიტარიზმის გამყარებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს ისეთმა ამომრჩევლებმა, რომლებიც არა ძალის სიდიდის ან კლანურობის, არამედ ღირებულებებზე დამყარებული ნდობის გამო უჭერენ პარტიებს მხარს. ღირებულებები, თავისთავად, რაიმე ეფემერულს ან თეორიულს არ გულისხმობს. სინამდვილეში, პარტიის ღირებულებები და ხედვები პასუხობს აწმყოში, აქ და ახლა არსებულ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანას უდგას და ამ ხედვებს უნდა გამოუცხადოს ამომრჩეველმაც ნდობა არჩევნების დღეს". – თქვა მათითაიშვილმა.

მათითაიშვილის თქმით, ამომრჩეველთან ან პოტენციურ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ფორმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია წინა კამპანიებისგან. მისივე თქმით, ტექნოლოგიური პროგრესისი, როცა კომუნიკაცია მაქსიმალურად გაიაფებულია, უზარმაზარი უპირატესობაა კამპანიებისთვის. ამასთან, მან ხაზი გაუსვა კამპანიაში მოხალისეების ჩართულობასაც.

"პირველ რიგში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოხალისეებისთვის, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ წლებია კამპანიაში ჩართვის გაცხადებული სურვილი აქვთ, მაქსიმალური სივრცე დაგვეთმო – თავისთავად, მოხალისეობრივი მონაწილეობა, შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, კამპანიის სულისკვეთებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ პარტიას მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს ადამიანებთან, რომლებსაც თავისივე ინიციატივით სურთ, პარტიის წარმატებისთვის ძალისხმევა გასწიონ. თავად პოლიტიკური ლიდერებისთვისაც კი გამომაცოცხლებელი ეფექტი აქვს მოქალაქეების მოხალისეობრივ ჩართულობას და მათ ინიციატივას. განსაკუთრებით დემოკრატიის კრიზისის პირობებში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი მნიშვნელობის რწმენა აქვთ დაკარგული. 

ამას გარდა, დავიწყეთ იმ მონაცემების გამოყენება, რომელიც პარტიას მრავალი წელია აქვს და მათი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გავახშირეთ მხარდამჭერებთან კომუნიკაცია, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, მეტი გაგვეგო მათ განწყობებზე, შეხედულებებზე და შთაბეჭდილებებზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ. აუცილებელია, რომ კამპანიამ ამომრჩეველთა განწყობების მართვა შეძლოს, რათა საარჩევნო სტრატეგია მათი გათვალისწინებით დაიგეგმოს". – თქვა მათითაიშვილმა​.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დანერგილი სიახლეებისა და ტრადიციული გზების შესახებ საუბრისას მათითაიშვილმა თქვა, რომ, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ძველი გზები, რადგან კამპანიის ტრადიციულ ელემენტებზე უარის თქმა სერიოზულ რისკს შექმნიდა არსებული ამომრჩევლების შენარჩუნების მიმართულებით.

"ამის მიუხედავად, გრძელვადიანი მიზანი ამომრჩევლებთან კომუნიკაციის სრული განახლებაა. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ სოციალურ მედიაზე, რომელიც აუდიტორიების კვლევის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა, თუ მას პარტიისთვის განმსაზღვრელი შინაარსების საკვლევად გამოიყენებ და არა  მხოლოდ ტრადიციული საარჩევნო რეკლამირებისთვის. ციფრული მიმართულების გასაშლელად გავაკეთეთ პარტიის ახალი ვებ-გვერდი, რომელიც ამომრჩევლებთან კომუნიკაციის და მათი განწყობების კვლევის სპეციფიკურ და მრავალფეროვან შესაძლებლობებს იძლევა. 

საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ეპოქის უპირატესობების სრულად ათვისება საკვანძო მნიშვნელობის იქნება 2020-იანი წლების საქართველოში პოლიტიკური წარმატების მოსაპოვებლად და ამ მიმართულებით 2021 წლის არჩევნებისთვის უკვე მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". – თქვა მათითაიშვილმა.

ახალ და ძველ გამოწვევებზე საუბრისას ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯრმა საინფორმაციო ქაოსი გამოყო და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, პარტიებმა საკუთარ აუდიტორიაზე კონცენტრირება მოახერხონ.

"მთავარი გამოწვევა ნებისმიერი პარტიისთვის ის საინფორმაციო ქაოსია, რომელიც კომუნიკაციების ეპოქამ მოიტანა. გასული ათწლეულებისგან განსხვავებით, სადაც ტელევიზია ფართო აუდიტორიებთან კომუნიკაციის ერთადერთი და მთავარი ინსტრუმენტი იყო, დღეს ადამიანებს განუსაზღვრელი მასშტაბის ინფორმაციასთან უწევთ გამკლავება და ეს ინფორმაცია კომუნიკაციის არაერთი არხით ვრცელდება. 

ამ მუდმივი, გამაყრუებელი ხმაურის პირობებში, რთულია კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი ხედვების და მნიშვნელობების პენეტრირება მოახდინონ ისე, რომ ფოკუსს მიღმა არ დარჩნენ. სწორედ ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა საკუთარ აუდიტორიებს მიაგნონ, მათი ტარგეტირება შეძლონ და რესურსიც იმ ამომრჩევლებზე ხარჯონ, რომლებიც არა მარტო კეთილგანწყობილები არიან, არამედ გულწრფელი ინტერესიც აქვთ პარტიის, მათი ლიდერების მიმართ". – თქვა მათითაიშვილმა.

ტაბულამ მათითაიშვილს ასევე ჰკითხა, რა გაკვეთილი მიიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისგან. რაზეც მათითაიშვილმა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რესურსების მეტ-ნაკლებად სწორი ხარჯვის აუცილებლობაა.

"პირველ რიგში, რესურსების მეტ-ნაკლებად სწორად ხარჯვა. ამას გარდა, ის, რომ კამპანიამ ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყოს მზადება, სტრატეგიების დასახვა, გზავნილების ჩამოყალიბება და მათი პენეტრირება, ვიდრე საქართველოში არსებულ პარტიებს ჩვევიათ. საქართველოში საარჩევნო კამპანიები ძირითადად არჩევნებამდე იმდენად მცირე ხნით ადრე იწყება, რომ რაიმე ახალი გზავნილის პენეტრირება, აუდიტორიების გამოკვეთა და მათ განწყობებზე გავლენის მოხდენა შეუძლებელი ხდება. 

ასევე, პარტიამ საბოლოოდ დაისახა, რომ იდეური მხარდამჭერების ძიება მის მთავარ ამოცანად აქციოს, არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გრძელვადიან პროცესშიც. მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ჰყავდეს მტკიცე საბაზისო ამომრჩეველი, რომელიც პოლიტიკური სტატუს-ქვოს ცვლილების ან წონასწორობის ცენტრის გადახრის შემთხვევაში პარტიის მხარდაჭერაზე ხელს არ აიღებს და მისი ერთგული იქნება მანამ, სანამ თავად პარტია უერთგულებს ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩემი აზრით, სწორედ იდეური მხარდამჭერები უნდა შეადგენდნენ პარტიის ამ ბირთვს". – უთხრა მათითაიშვილმა ტაბულას.

გირჩი  მეტი თავისუფლება

გირჩი  მეტი თავისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ტაბულა პარტიის წევრს, ზვიად ხორგუაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სხვა წინასაარჩევნო პერიოდებისგან მიმდინარე პერიოდს მისი რეფერენდუმის ხასიათი გამოარჩევს და ეს გავლენას ახდენს კამპანიაზეც. 

"წინა წლებში ყოველთვის კი იყო რეფერენდუმი, მაგრამ ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვართ ისეთ ადგილას, როცა ამის ქვემოთ ვეღარ ჩავა ქვეყანა და ამიტომ, მთავარი აქცენტი გვაქვს რეფერენდუმზე. მეორე, რაც მთავარია, არის ის, რომ ჩვენ ყველა წინა კამპანია გვქონდა პოზიტიური კამპანია. ახლა ამას ისევ ვინარჩუნებთ, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა ჩვენი კამპანია, პირველი  ვიწყებთ იმით, რომ ეს არის რეფერენდუმი და შემდეგ, სხვა პარტიებისგან რაც განგვასხვავებს, ჩვენ კონკრეტულ გამოსავალს ვთავაზობთ თითოეულ მოქალაქეს. ანუ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რა უნდა გაკეთდეს და როგორი კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ".  თქვა ხორგუშავილმა.

გირჩი  მეტი თავისუფლების წინასაარჩევნო კამპანიაში, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი წილი სოციალური ქსელით ამომრჩევლებთან კომუნიკაციაზე მოდის, თუმცა, ხორგუაშვილის თქმით, მოქალაქეებთან პირისპირ ურთიერთობის ფორმებზე გადაწყვეტილებას პარტია დეცენტრალიზებულად იღებს. ამას უშუალოდ თვითმმართველ ერთეულებში დეპუტატობის კანდიდატები წყვეტენ.

"წინა წლებშიც და ახლაც ჩვენი ძირითადი საკომუნიკაციო არხები სოციალური ქსელებია. ციფრულ მარკეტინგს ვეწევით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი კამპანია ძირითადად ხორციელდება Facebook-ით, Twitter-ით, Instagram-ით და სხვა სოციალური ქსელებით. ამავე დროს, დეცენტრალიზებული გვაქვს კამპანია და სხვადასხვა ერთეულში წარმომადგენლები, თავიანთი გადაწყვეტილებით, კონტაქტობენ როგორც კარდაკარით, მოსახლეობასთან ორგანიზებული შეხვედრების ჩატარებით, ზოგიერთ შემთხვევაში ბანერებით, ფლაერებით და ასე შემდეგ. კლასიკური კამპანია დეცენტრალიზებულია, ძირითადი კამპანია კი სოციალური ქსელებით არის, რადგან ჩვენი ამომრჩევლები ძირითადად არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ზოგი სტუდენტია და ა.შ. ანუ 18-45 წლის ასაკის ფარგლებში და მათ ძირითადად ვეკონტაქტებით სოციალური ქსელების მეშვეობით".  თქვა ხორგუაშვილმა.

წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევებზე საუბრისას გირჩი  მეტი თავისუფლების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ წელს უფრო მეტად გაძლიერდა მთავრობის მიერ დაორგანიზებული ტროლ-ბოტების შეტევები მათ პოსტებზე. მისივე თქმით, ეს წინა წლებშიც ხდებოდა, თუმცა 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებამ ამ პროცესში ბევრად მეტი რესურსი ჩადო და შეტევებიც უფრო მასშტაბურია.

ტაბულა ასევე დაინტერესდა პარტიის პოზიციით, თუ ვინ არის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი წარმმართველი ძალა, პარტიის ცნობადი სახეები, თუ ოლქებში წარდგენილი კანიდატები. ხორგუაშვილის თქმით, პარტიის ძირითადი მარკეტინგული გათვლები ძირითადად ზურა ჯაფარიძეზე მოდის, თუმცა ისინი ასევე უზრუნველყოფენ პარტიის სხვა წევრების ჩართვასაც.

"ჩვენ მიქსი გვაქვს, რომელი უფრო აქტიურია, ძალიან გამიჭირდება თქმა, მაგრამ გირჩი  მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ლიდერი არის ზურა ჯაფარიძე და მას განსაკუთრებული პოპულარობა გააჩნია იმ ასაკობრივ სეგმენტში, რომელშიც გირჩი ძირითადად გადის. რა თქმა უნდა, მასზე არის ძალიან დიდი აქცენტი. ვიდეოები და სხვა მარკეტინგული ნაწილი ეთმობა მას, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სხვა პოლიტიკოსებიც წამოვწიოთ წინ, ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ზურა ჯაფარიძე, არის კიდევ ბევრი პოლიტიკოსი, რომლებსაც აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის დიდი ნაწილი ემყარება, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ სხვა ლიდერებიც გვყავს, მაგრამ ჩვენ შინაარსობრივ საკითხებზე უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ, ვიდრე პიროვნულზე".  თქვა მან.

ზვიად ხორგუაშვილი ასევე გვესაუბრა პარტიის ახალ კამპანიაზე  რძე და ყველი, რომელიც აქცენტს აკეთს გრძელვადიან გათვლაზე და წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს ესაუბრება თემებზე, თუ რა უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

“ჩვენ გვაქვს პროგრამა  რძე და ყველი და ვცდილობთ, რომ დიდი აქცენტი ამაზე წამოვიდეს, რადგან მოსახლეობას ყელში ამოუვიდა პიროვნებებზე მორგებული კამპანიები, ყელში ამოუვიდა ნეგატივზე მორგებული კამპანია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოსავალი შევთავაზოთ. პროგრამა მთლიანად გაწერილია იმაზე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ, სამართლებრივ, დიპლომატიურ, თავდაცვის თუ სხვა საკითხებში".  თქვა ხორგუაშვილმა.

გირჩი  მეტი თავისუფლების აზრით, წინა წლებში მათი წინასაარჩევნო კამპანია წარმატებული იყო, ამიტომაც სტრატეგია ძირითადად არ შეუცვლიათ.

"ჩვენი აზრით, წინა კამპანია იმდენად წარმატებული იყო, რომ თითქმის იგივენაირად მივყვებით მას. ის იყო პოზიტივზე აგებული მთლიანად, ახლაც იგივეა. ჩვენ ვართ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უიშვიათესი პარტია ზრდადი რეიტინგით. შესაბამისად, ჩვენ კვლავ პოზიტივზე ვაკეთებთ მთავარ აქცენტს და ვცდილობთ, ნეგატივზე ნაკლები ავაგოთ. თუმცა ამ ყველაფერს დაემატა, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს არის გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმი და მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამომრჩევლების მობილიზება, იქნება ის გირჩის, თუ სხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი".  თქვა ზვიად ხორგუაშვილმა.

დროა

პარტია დროას წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ კრწანისში მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებულ კანდიდატსა და დროას ერთ-ერთ ლიდერს, თაზო ახობაძეს ვესაუბრეთ. ახობაძე მიიჩნევს, რომ ზოგადად საარჩევნო კამპანიებისგან 2021 წლის კამპანიას პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეები განსაკუთრებულად გამოარჩევს.

"რაც სხვა წინასაარჩევნო პერიოდებისგან გამოარჩევს, ალბათ, ის არის, რომ პანდემიის გამო ძალიან შეზღუდულები ვართ. ფაქტობრივად, ტრადიციული კარდაკარი არ გამოდის. ჩვენ დავდივართ შეხვედრებზე, დისტანციის დაცვით, პირბადეებით. მოსახლეობას ვხვდებით გარეთ, პარკებში და სახლებში არ შევდივართ. ეს არის განსხვავებული. ასევე ვატარებთ ონლაინ, ZOOM შეხვედრებს". – ამბობს ახობაძე.

დროას წარმომადგენელის აზრით, წინასაარჩევნო კამპანიაზე დიდი გავლენა იქონია არჩევნების მნიშვნელობამაც. ახობაძე ამბობს, რომ თვითმმართველი ხელოსუფლება უძლურია მმართველობის სრული ცვლილების გარეშე და ამომრჩეველთან კომუნიკაციისას ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებენ.

"ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენ მიზანი გვაქვს, დავაჯეროთ მოსახლეობა, რომ ეს არჩევნები გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. აქ უცნაური ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისტემაში მას შინაარსი აქვს გამოცლილი, ანუ თვითმმართველი ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, ცენტრზე იმდენად არის დამოკიდებული შინაარსითა და ფინანსებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ეცლება შინაარსი. ამიტომაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო ცოტა ადამიანი მიდის. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას დავანახოთ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო მიზანია, რომ ქართულმა ოცნებამ ჯამურად ვერ მიიღოს 43%-ზე მეტი, შემდეგ უკვე ვიბრძოლოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში". – თქვა ახობაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა არჩევნების მნიშვნელობასა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაში დაარწმუნოს. დროას პოზიციით, სწორედ ეს უზრუნველყოს მოქალაქეების პირადი პრობლემების გადაწყვეტასაც.

"მე შემიძლია გითხრათ ჩემი ოლქის, კრწანისის შესახებ, სადაც ვცდილობ, რომ ადამიანებს ინდივიდუალურად ავუხსნა ეს ვითარება. ავუხსნა ის, რომ თუ თითოეულ ადგილობრივს რაღაც პრობლემა აწუხებს  გზა არ არის, ტროტუარი არ არის, სახლი ენგრევა  თუ არ მოხდა სისტემური ცვლილება, თუ არ მოხდა ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება, მაშინ მათი მოგვარება შეუძლებელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვადამდელი არჩევნების მოპოვება, რომ შემდეგ დაიწყოს ეს რეფერენდუმი და უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას. ამას ვინც ისმენს, ბოლოს ლოგიკურად ხვდებიან, რომ დიახ, ცვლილელები არის საჭირო რათა მათ ადგილობრივ პრობლემებს მიეხედოს".  თქვა მან.

ტაბულამ ახობაძეს ასევე ჰკითხა, ვინ არის წინასაარჩვენო პერიოდში სტრატეგიის წარმართველი ძირითადი ძალა და ზოგადად ვისზე დგას კამპანია საქართველოში. ახობაძე მიიჩნევს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია პარტიების ძირითად ლიდერებზე დგას, თუმცა დროა ამ პრინციპისგან განსხვავებულად მოქმედებს.

"ზოგადად, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა დგას პარტიის სახეებზე, ანუ ინდივიდებზე, ლიდერებზე. ჩემი აზრით, დროა ამ მხრივ ყველაზე მეტად გამონაკლისი პარტიაა. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, ელენე ხოშტარია არის პარტიის ლიდერი და ყველაზე ცნობილი სახე, იმდენად დეცენტრალიზებულია პარტიის სტრუქტურა  ჩვენ პარტიაში გვყავს ადამიანები, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მოქალაქეები იცნობენ, რადგან ამ წლების განმავლობაში მათ ნამუშევარი აქვთ მათთან. იკვლევდნენ მათ პრობლემებს, რეაგირებდნენ, ეხმარებოდნენ, რეკომენდაციებს აძლევდნენ. ჩვენ დავაგროვეთ, რომ პარტიაში არიან აქტივიზმიდან წამოსული ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობა იცნობს როგორც აქტივისტს და როგორც ადამიანს, რომელთანაც შეუძლია დალაპარაკება და კონკრეტული რჩევის, რეკომენდაციის მიღება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ ტრადიციული ქართული პოლიტიკური პარტია. რესურსობრივადაც ვცდილობთ, რომ არსებულით მაქსიმუმი გავაკეთოთ".  თქვა ახობაძემ.

თაზო ახობაძემ ასევე ისაუბრა ამომრჩეველთან მუდმივ, არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ დროამ მოქალაქეებთან ურთიერთობა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

"არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე, როდესაც დროა დაფუძნდა და მანამდეც, როცა შევიკრიბეთ და ვფიქრობდით პარტიის დაფუძნებაზე, ჩვენ დავდიოდით, მათ შორის, რეგიონებში და იქ გვხვდებოდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ საარჩევნო პერიოდი არ არის და პოლიტიკოსი მიდის მასთან. ადამიანები ითხოვენ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ კი არ მივლენ მათთან, არამედ მუდმივად კომუნიკაცია ექნებათ. გარდა იმისა, რომ უამრავი ადგილობრივი პრობლემაა, მათი ნაწილი ამბობს, რომ არ ესაუბრებიან, არც იცნობენ ვინ არის მათი წარმომადგენელი, ამიტომ ეს კომუნიკაცია მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეც რომ ვუჯდები და დიდი ხანი ვლაპარაკობ, მათთვის ეს ცოტა მოულოდნელია, რადგან არ არიან მიჩვეული ასეთ დიდხნიან, შინაარსიან საუბარს".  თქვა ახობაძემ.

მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი

პლატფორმა მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მათ 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, კონკრეტული სამიზნე ჯგუფი აირჩიეს  ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 

"განსხვავებით 2020 წლის კამპანიისგან, როცა ბლოკით ვიყავით წარმოდგენილი, ახლა შევქმენით ზეპარტიული პლატფორმა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შემოვიდნენ ადამიანები პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ამ პლატფორმაზე მონაწილეობისთვის აუცილებელი არ არის პარტიის წევრი იყო, ან პარტიამ დაგასახელოს, მესამე ძალის სახელით მონაწილეობ არჩევნებში, რომელიც პარტია არ არის. ეს ძალიან მისაღები აღმოჩნდა რეგიონებში ბევრი ადამიანისთვის. ჩვენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვყავს კანდიდატები და აშკარად აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ".  პასუხობს მანჯგალაძე ტაბულას.

მისივე თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა პარტიას აფიქრებინა, რომ საჭირო იყო ტაქტიკის შეცვლა, რაც ოპოზიციასთან კოორდინაციასაც შეეხო, რადგან, მესამე ძალის პოზიციით, ბევრ ოპოზიციურ კანდიდატს უფრო მეტი ხმის "წართმევა" შეუძლია ქართული ოცნების კანდიდატისთვის, ვიდრე ამას კონსოლიდირებული კანდიდატი შეძლებდა.

"ტაქტიკის არშეცვლა, ყველა არჩევნებზე გამოხვიდე ერთი და იმავე ტაქტიკით და გქონდეს განსხვავებული შედეგის მოლოდინი, ეს პოლიტიკური სიგიჟეა. ბევრად მეტი ადამიანი აფიქსირებს ქართლი ოცნების სახლში გაშვების სურვილს. როცა 1 200 000 ამომრჩეველი ამას ამბობს, რატომ ვატარებთ რეფერენდუმს, სააკაშვილი დაბრუნდეს თუ არა ხელისუფლებაში, როცა ამას მხარს უჭერს მხოლოდ ნახევარი მილიონი ადამიანი".  ამბობს პაატა მანჯგალაძე.

წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ შეკითხვას მანჯგალაძე პასუხობს, რომ პარტიას უარის თქმა მოუწია დიდ შეხვედრებზე, მათ შორის, გააუქმეს დაგეგმილი წარდგენებიც, თუმა წინასაარჩევნო კამპანიაში მათაც ჩართეს ონლაინ პლატფორმები.

"უარის თქმა მოგვიწია დიდ შეხვედრებზე. როცა კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა სტატისტიკა, ზუსტად მაშინ დავიწყეთ ჩვენ კამპანია. დაგეგმილი გვქონდა 2 დიდი წარდგენა თბილისსა და ქუთაისში და ჩვენ მოგვიწია ამ წარდგენების გაუქმება. სამაგიეროდ, შემოვიტანეთ ონალინ ტექონოლოგია, ZOOM-ს კარგად ვიყენებთ და გვქონდა პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოში პირველად 300-ზე მეტი ადამიანი ჩავრთეთ. ასევე, იმის ნაცვლად, რომ ჯგუფურად შევხვედროდით მოასხლეობას, ინდივიდუალურ შეხვედრებზე გადავედით. დავბეჭდეთ ძალიან ბევრი სააგიტაციო მასალა, პირისპირ რაიმე რისკი რომ არ იყოს, კარში ხვდებათ ჩვენი სააგიტაციო მასალა მოქალაქეებს".  თქვა მესამე ძალის ლიდერმა.

პაატა მანჯგალაძე ასევე გვესაუბრა ახალ და ძველ გამოწვევებზე, რომლებიც მესამე ძალას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას შეხვდა. მან მთავარ გამოწვევად არჩევნების გაყალბებისგან თავის არიდებისთვის მზადება დაასახელა.

"მთავარი გამოწვევის შესახებ ვესაუბრეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასაც, რომელიც სხვა სადამკვირვებლო მისიებთან ერთად აქცენტს ყოველთვის აკეთებს არჩევნების დღეზე, არადა არჩევნების გაყალბება ხდება არჩევნებამდე უფრო ადრე. მხედველობაში მყავს აგიტატორები, რომლებიც ქართულ ოცნებას, დაახლოებით, 100 000 ჰყავს. მათი მონაწილეობა არჩევნებში, ფაქტობრივად, არაკონკურენტუნარიანს ხდის არჩევნებს და ეს არის არჩევნებზე ზემოქმედებისა და მანიპულაციების მთავარი საშუალება. ამაზე ყოველდღიურად ვსაუბრობ, თუმცა აუდიტის სამსახური და პროკურატურა არ ინტერესდება, როცა ვსაუბრობთ, რომ დაახლოებით 40 მილიონი შავი ფული იხარჯება აგიტატორებში. ეს არის რეგულაციების გვერდის ავლა. მოსყიდვა კანონით დანაშაულია, მაგრამ თუ ქართული ოცნების 200-ლარიანი აგიტატორი ხარ, თავისუფლად შეგიძლია ჩაატარო კამპანია". – თქვა მანჯგალაძემ

ახალ გამოწვევებზე საუბრისას მანჯაგალაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის, ტრანსპორტის შეზღუდვას, რამაც პლატფორმას კამპანიაში ჩართულ პირებთან, მოხალისეებთან შეხვედრა გაურთულა და ხარჯები გაუზარდა.

ტაბულა ასევე დაინტერესდა, თუ ვინ ასრულებს წამყვან როლს პარიის წინასაარჩევნო კამპანიაში  ცნობადი ლიდერები პარტიიდან, თუ უშუალო კანდიდატები, რაზეც მანჯგალაძე გვპასუხობს, რომ პლატფორმა კოორდინირებულად ორივე საშუალებას იყენებს, ცნობადი ლიდერები ყურადღებას ზოგად პრობლემებსა და გეგმებზე ამახვილებენ, მაშინ, როცა უშუალო კანდიდატები ყურადღებას ადგილობრივ პრობლემებს უთმობენ.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების ბედი, ამიტომ ასევე აქცენტს ვაკეთებთ ზოგადეროვნულ კამპანიის საკითხებზე  მხოლოდ ის კი არა, რომ თვითმმართველობა სჭირდება ქალაქს, ან თვითმმართველი მერი უნდა იყოს, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს საკითხები, არა, ჩვენ ვესაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რაც ეროვნული მასშტაბით გააჩნია საქართველოს".  თქვა მანჯგალაძემ. 

მესამე ძალის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, გაკვეთილი, რომელიც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან მიიღეს, გაყალბებაა და შესაბამისად, პარტია ემზადება მის მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად. მათ შორის, საარჩევნო კოდექსის ცვლილებით, პლატფორმის წევრების ტრენინგითა და სხვა.

"ვალდებულება არსებობს, რომ მაღალი რეზოლუციის კამერის ქვეშ უნდა მოხდეს ხმების დათვლა და ეს მონაცემი უნდა აიტვირთოს ოქმთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, მაგრამ მთავარია, მისი აღსრულება მოხდეს. ასევე გვინდოდა კარუსელის სისტემის ჩაკეტვა, კოდირებული ბიულეტენების დაბეჭვდა, მაგრამ ქართული ოცნება არ წამოვიდა ამაზე. 

კიდევ იყო, რომ საჩივრების ონლაინ შეტანა არ შეიძლებოდა და ვინაიდან წინა არჩევნებზე პრობლემები შეგვექმნა საჩივრების შეტანის ნაწილში, ამ არჩევნებზე შესაძლებელია საჩივრების ონლაინ შეტანა ოლქის დონეზე. კიდევ ერთი სიახლეა, რომ პარტიაში აქტიურ ტრენინგებს ვატარებთ, რომ საჩივრების დაწერასთან დაკავშრებით არანაირი პრობლემები არ გვქონდეს".  თქვა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის აზრით, "კალმის წვერით შესაძლებელია ცვლილებები" და სწორედ ამაზე ესაუბრებიან ამომრჩვლებსაც. მისივე თქმით, პარტიის კომუნიკაციის სტრატეგიის მიზანია, რომ მოქალაქეებმა რაც შეიძლება ნაკლები ხმა მისცენ ქართულ ოცნებას.

ლელო

ლელოს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ტაბულას პარტიის წარმომდაგენელი, თამუნა კირვალიძე ესაუბრა. კირვალიძის თქმით, 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანია წინა არჩევნებისგან, პირველ რიგში, მასშტაბით განსხვავებდა, რაც კაპანიის წარმართვაზეც აისახება. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის ცნობადობა და მასშტაბუი საარჩევნო კამპანია ახლა კი ის უფრო წერტილოვანი გახდა.

"შარშანდელ კამპანიაში, რადგან ეს იყო საპარლამენტო არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრად უფრო გაშლილები ვიყავით, თანაც ახალი პარტია ვიყავით, ყველა ქალაქში ოფისი გვქონდა – ძალიან ინტენსიური და მასშტაბური კამპანია გვქონდა, როგორც სატელევიზიო, ისე სოციალური მედია და კარდაკარი, გაზეთებით, პრინტით, ყველა მიმართულებით. ახლა გვაქვს უფრო წერტილოვანი და რეგიონალური ყველა ქალაქში, სადაც გვყავს კანდიდატები. განსხვავება კიდევ ის არის, რომ გარკვეული ტიპის შეთანხმება, კოორდინაცია ოპოზიციის მხარეს მაინც არსებობს და ამან კომუნიკაციის რუკაც თავისთავად შეცვალა, უფრო წერტილოვანი გახადა, ვიდრე შარშან იყო. 

შარშან ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ნულიდან დაიწყო პარტიამ და 9 თვის დაფუძნებული პარტიისთვის ის პროცენტი, რომელიც ავიღეთ, საკმაოდ დამაჯერებელი იყო". – თქვა კირვალიძემ.

ლელოს წარმომადგენლის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ცვილელები შეიტანა პანდემიამაც, თუმცა მოლოდინების მიუხედავად, მოსახლეობა ბევრად უფრო აქტიურია.

"პანდემიამ ახალი გამოწვევები გაგვიჩინა. ვიფიქრეთ, რომ ბევრად უფრო გართულდებოდა ხალხთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ამან შეზღუდა მასშტაბური ღონისძიებები. შარშან ყველა რეგიონში, სადაც ჩავდიოდით იყო 300-600-კაციანი შეხვედრები და რეგულაციებიდან გამომდინარე ამას ვერიდებით, შეგნებულად აღარ ვაკეთებთ. გვეგონა, რომ ხალხი არ გამოვიდოდა, უფრო შეზღუდულები იქნებოდნენ, მაგრამ კარდაკარის თვალსაზრისით ამან გავლენა არ იქონია, ჩვენი კანდიდატები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში დღეში 5-6 შეხვედრას ატარებენ და ძალიან აქტიურად აქვთ კომუნიკაცია ხალხთან. მოსახლეობა ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ჩვენ გვეგონა, რომ პანდემიის გამო ისინი შეზღუდავდნენ კომუნიკაციას". – თქვა მან.

ტაბულა ასევე დაინტერესდა იმ ახალი და ძველი გამოწვევებით, რომლებსაც ლელო მიმდინარე პერიოდში გადააწყდა. თამუნა კირვალიძის თქმით, ბოლო გამოწვევა ის უკანონო მოსმენებია, რომლებსაც მმართველი პარტია ყველას მიმართ ახორციელებს, თუმცა პარტიისთის ამას პრობლემა არ შეუქმნია.

"რასაც ვლაპარაკობთ შიგნით, იმას ვლაპარაკობთ გარეთ, იმას ვბეჭდავთ, იმას ვწერთ სოციალურ მედიაში". – თქვა კირვალიძემ.

ლელო მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს არჩევნების გაყალბებას, რომლის გაკვეთილიც, კირვალიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღეს.

"კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ მივხვდით, საშინლად იპარავს ოცნება ხმებს, აყალბებს და რეალურად, გაყალბება, ხმების მოპარვა და მოგებისთვის მზადება იწყება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე არჩევნების დღეს. უამრავი შემთხვევა გვაქვს რეგიონებში, როდესაც ხდება წინასწარი დაშინება, გაფრთხილება, რომ გაგაგდებთ. მასწავლებლები, საჯარო სექტორში დასაქმებულებიდან ზოგიერთი ბედავს ამაზე საჯაროდ ლაპარაკს, ბევრი მაინც ერიდება, რადგან სხვა შემოსავალი არ აქვთ და შიშით უყურებენ ამ ფაქტს. შარშანდელი გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ძალიან სერიოზულად გვჭირდება ხმების დაცვა. ამ შემთხვევაში უფრო წინ ვართ წასულები, ყველგან ჩვენი წარმომადგენელი გვაქვს, ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს.

წინასწარ ვიღებთ ზომებს, ხალხს ველაპარაკებით, ჩვენს გუნდს ვამეცადინებთ უფრო მეტად, უფრო მეტად მობილიზებული ვართ წერტილოვნად ადგილებზე". – თქვა კირვალიძემ.

ტაბულამ კირვალიძეს ასევე ჰკითხა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად წარმმართველ ძალაზე. მისი თქმით, ლელოს კამპანიაში ცნობილ ლიდერებთან ერთად აქტიურად ჩართულები არიან ახალგაზრდები და ახალი სახეებიც, მათ შორისაა თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილიც.

"ჩვენ წინ წამოწეული ნამდვილად გვყავს ახალგაზრდები, ახალი სახეები, ისევე როგორც მერობის კანდიდატია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არა მარტო ზურგს უმაგრებენ, ასევე აქტიურად არიან ჩართულები ლიდერებიც, როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ისე თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები, ცნობილი სახეები. ახალგაზრდები ნამდვილად არიან ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. 

მერობის კანდიდატი, შეიძლება, პოლიტიკური წრეებისთვის არ არის ცნობილი, მაგრამ მის პროფესიულ წრეებში საკმაოდ ცნობილია და არის სერიოზული პროფესიონალი არქიტექტურის, ურბანისტიკის". – თქვა კირვალიძემ.

ტაბულამ 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ინტერვიუს ჩასაწერად მიმართა ქართულ ოცნებასა და პარტიას საქართველოსთვის, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.

კომენტარები