კრიპტოვალუტა

ბუდაპეშტში ბიტკოინის შემქმნელს, სატოში ნაკამოტოს ქანდაკება დაუდგეს

სატოში ნაკამოტოს ქანდაკება ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ პარკში
ფოტო: Euronews

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბიტკოინის შემქმნელს, სატოში ნაკამოტოს ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგეს

ნაკამოტო ფსევდონიმია, რომლის მიღმა მდგომი პიროვნებისა თუ დაჯგუფების ზუსტი ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, ბიტკოინის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობას ათობით კრიპტოგრაფი, პროგრამისტი, მათემატიკოსი, ეკონომისტი და ინჟინერი იღებდა. 

ბრინჯაოს ბიუსტს ამრეკლავი სახე აქვს, სადაც საკუთარი გამოსახულების დანახვაა შესაძლებელი. მისი ავტორის, ტამას გილის განმარტებით, სატოშის სახე ანონიმურობას და ერთიანობას გამოხატავს. 

"პორტრეტის შექმნა იმ პიროვნებისთვის, ვისი ვინაობაც უცნობია, ურთულესი ამოცანა იყო. ვიმედოვნებ, რომ ამ ქანდაკებით ბიტკოინის ფუნდამენტური იდეა გადმოვეცი, ის ყველას ეკუთვნის და თან არავის". – ამბობს გილი. 

გილის განმარტებით, ბიუსტის სახე ცნობილ ფრაზას, "ჩვენ ყველანი სატოში ვართ", გამოხატავს. 

პროექტი უნგრელმა მოსახლეობამ დააფინანსა საკუთარი სახსრებით და ის ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ პარკშია განთავსებული, სადაც, ასევე, Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის ქანდაკებაც დგას. 

ბიტკოინის იდეა საიფერპანკ მოძრაობის წევრების ნაშრომებზეა დაფუძნებული. სავარაუდოდ, სატოში ნაკამოტოს მიღმაც სწორედ ამ მოძრაობის წევრები დგანან, რომელთა შორის მსოფლიოს წამყვანი პროგრამისტები, მათემატიკოსები და კრიპტოგრაფები იყვნენ.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბრიტანელი კრიპტოგრაფი, ადამ ბექი, რომელმაც ბიტკოინის მაინინგში გამოყენებული სისტემა, Hashcash-ი შექმნა. ეთერიუმისა და კარდანოს დამფუძნებლების, ვიტალიკ ბუტერინისა და ჩარლზ ჰოსკინსონის აზრით, სატოშის იდენტობის მიღმაც ადამ ბექი იდგა. 


 

კომენტარები