ფარული მოსმენები

ჯაფარიძე მასალებზე: ტოტალიტარიზმის ბოლო სტადიის ჩვეულებრივი, კლასიკური სახე

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის ზურა ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალები აჩვენებს "ტოტალიტარიზმის ბოლო სტადიის კლასიკურ სახეს". ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ფარული მიყურადება მართვის ბერკეტია და ადამიანების კონტროლს ემსახურება.

"ჩვეულებრივი, კლასიკური სახე არის ტოტალიტარიზმის ბოლო სტადიის, როცა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შემომძვრალი არიან ადამიანების ცხოვრებაში, ყველგან სადაც კი შეიძლება რომ შემოძვრნენ და აკონტროლებენ ადამიანების ცხოვრებას. შემდეგ ამას იყენებენ როგორც მართვის ბერკეტს. გასაგებია, რომ სასულიერო პირი იქნება, ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ეს სჭირდებათ კონტროლისთვის, რომ იცოდნენ, როგორ ცხოვრობს, რითი ცხოვრობს, ვისთან აქვს კომუნიკაცია, რას ფიქრობს, რა განწყობები აქვს - კონტროლის მექანიზმია. 70 წელი ვიცხოვრეთ საბჭოთა კავშირში, ესენი საბჭოთა კავშირს ვერ დაეწევიან, მაგრამ ძალიან შორსაც არ არიან, მანდ არიან მისული. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ." – თქვა ზურა ჯაფარიძემ TV პირველის გადაცემაში საჯარო პოლიტიკა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურთა ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები