ევროპული საქართველო

კომუნიკაციების კომისიამ ევროპული საქართველოს საჩივარი იმედის წინააღმდეგ დააკმაყოფილა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პარტია ევროპული საქართველოს საჩივარი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ. იმედის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი.

კომუნიკაციების კომისიის თქმით ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს.

"კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა. აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიძულვილის ენა დაასახელა.

კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის, ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, უხამსობას ან პორნოგრაფიას.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება". – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკაიმედი ამტკიცებდა, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებდნენ. 

"ტელეკომპანია პირველი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. 

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისათვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა". - ამბობდნენ ტელეკომოანია იმედში

კომენტარები