ერაყი

ერაყში, ქალაქ ერბილში აშშ-ს კონტროლირებად აეროპორტს თავს დრონებით დაესხნენ

სიტუაცია ერბილში თავდასხმის შემდეგ
Anadolu Agency

ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქში, ერბილში აშშ-ს სამხედროების მიერ კონტროლირებად აეროპორტს დრონებით თავს დაესხნენ

ქურთისტანის რეგიონის უსაფრთხოების ძალების თქმით, აეროპორტის მიმართულებით დრონებმა სამი რაკეტა ისროლეს. ქურთების კონტრტერორისტული ძალების ინფორმაციით კი, თავდასხმა თვითფეთქებადი დრონების მეშვეობით მოხდა. 

არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. მოწმეების თქმით, მათ ექვსი აფეთქების ხმა გაიგეს. 

ბოლო წელში ერბილის აეროპორტი რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონებით აეროპორტს აქამდეც დაესხნენ თავს. აშშ ძველ თავდასხმებს მიაწერდა ირანის მიერ დაფინანსებულ შიიტურ დაჯგუფებებს, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ ერაყში დარჩენილი ამერიკელი 2 500 სამხედრო ქვეყანას არ დატოვებდა. 

ერაყში ბოლო მსგავსი შემთხვევა 8 ივლისს მოხდა, როდესაც დედაქალაქ ბაღდადში მტკიცედ გამაგრებულ მწვანე ზონას, სადაც აშშ-ს საელჩოც მდებარეობს, თავს დრონებით დაესხნენ, რასაც არავინ ემსხვერპლა.

კომენტარები