11 სექტემბრის ტერაქტი

20 წელი 9/11-ის შემდეგ – ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტის ისტორია

11 სექტემბრის ტერაქტი

20 წელი 9/11-ის შემდეგ – ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტის ისტორია

"ამ ახალი საფრთხის ყველაზე შემაშინებელი მხარე ის იყო… რომ ის თითქმის არავინ მიიღო სერიოზულად. ძალიან უჩვეულო, პრიმიტიული და ეგზოტიკური იყო"

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. ამ შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ისტორიაზე დიდი კვალი დატოვა. ტერაქტების გავლენა განსაკუთრებით აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე აირეკლა და 11 სექტემბრის მემკვიდრეობის შედეგად, XXI საუკუნის პირველი მასშტაბური კონფლიქტებიც დაიწყო.

9/11-ის თავდასხმები ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტების სახით შევიდა. ალ-კაიდას ტერორისტების თავდასხმას, რომელიც რამდენიმე წელი იგეგმებოდა, 2 977 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რეისი 175 მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას ეჯახება

11 სექტემრის დილას, ცხრამეტმა ტერორისტმა კონტროლი მოიპოვა ოთხ ამერიკულ სამგზავრო თვითმფრინავზე. ისინი 3 ხუთკაციან და 1 ოთხკაციან ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. თითოეულ ჯგუფს საკუთარი სამიზნე ჰქონდა. ლოგანის საერთაშორისო აეროპორტიდან გატაცებული რეისი 11-სა და რეისი 175-ის სამიზნე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის, ე.წ. ტყუპების შენობები იყო. რეისი 77, რომლის თვითმფრინავიც დელასის საერთაშორისო აეროპორტიდან გაიტაცეს, მიემართებოდა პენტაგონისკენ, ხოლო ნიუარკის აეროპორტიდან გატაცებული რეისი 93-ის მიზანში აშშ-ს კაპიტოლიუმი იყო ამოღებული.

რეისი 11

მე-11 რეისმა აეროპორტი, ადგილობრივი დროით, 07:59-ზე დატოვა. როგორც შემდეგში თვითმფრინავის ბორტგამცილებელის, ბეტი ონგის ზარიდან გაირკვა,  გამტაცებლები იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის, ასევე, ცივ იარაღს, რომლითაც რამდენიმე ადამიანი დაჭრეს კიდეც. 9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, ტერორისტებს უნდა ჰქონოდათ დასაკეცი, მრავალფუნქციური დანები, რომელთა ბორტზე შეტანაც დასაშვები იყო. ამავე ანგარიშში ასკვნიდნენ, რომ თვითმფრინავის გატაცება დაახლოებით 08:14-ისთვის დაიწყო. ფრენიდან განხორციელებული ზარების მიხედვით, ტერორისტებმა, ვაილ ალ-შეჰრიმ და ვალიდ ალ-შეჰრიმ, რომლებიც პირველი კლასის მეორე რიგში ისხდნენ, დაჭრეს ორი ბორტგამცილებელი, რომლებიც მგზავრების მომსახურებისთვის ემზადებოდნენ. უცნობია, თუ როგორ მოახერხა ტერორისტმა მუჰამედ ატტამ, რომელიც 9/11-ის თავდასხმების 19-კაციანი ჯგუფის მეთაურად ითვლება, თვითმფრინავის მართვის კაბინაში შესვლა. ატტა რეისი 11-ის ბორტზე მყოფი ტერორისტებიდან იყო ერთადერთი, რომელსაც თვითმფრინავის მართვა შეეძლო. აქამდე, დანარჩენმა გამტაცებლებმა რამდენიმე მგზავრზე წიწაკის სპრეი, ან მსგავსი ნივთიერება გამოიყენეს და ისინი შეაშინეს, რომ მათ ბომბი ჰქონდათ. 

მუჰამედ ატტა (ლურჯ ტანსაცმელში) პორტლანდის საერთაშორისო აეროპორტში, 2001 წლის 11 სექტემბერი

ავიარეისების კომპანია, როდესაც პილოტებთან კავშირზე ვერ გავიდა, მიხვდა, რომ უჩვეულო რამ ხდებოდა და შესაძლოა მათი თვითმფრინავი გაეტაცებინათ. სიტუაცია უფრო ცხადი გახდა 08:25-ზე, როდესაც ტერორისტებმა მგზავრებთან კონტაქტი სცადეს. “არავინ გაინძრეთ. ყველაფერი კარგად იქნება. თუ მოძრაობას შეეცდებით, საფრთხეში ჩააგდებთ თქვენს თავებსა და თვითმფრინავს. წყნარად იყავით”, - ამის თქმა სურდათ გამტაცებლებს მგზავრებისთვის თვითმფრინავის კაბინის რადიოდან, თუმცა, მათ მოწყობილობის სწორად გამოყენება არ იცოდნენ და შეტყობინება, ბორტის ნაცვლად, ავიამოძრაობის კონტროლის არხს გადასცეს. 

თვითმფრინავზე არსებული მდგომარეობა უფრო ცხადი გახდაბორტგამცილებლების, ბეტი ონგისა და მადელინ ემი სვინის ზარების შედეგად. სვინმა ამერიკული ფრენების მომსახურების ოფისის მენეჯერს, მაიკლ ვუდვარდს 08:44-სთვის  უთხრა: “რაღაც რიგზე ვერაა. უფრო და უფრო დაბლა ვეშვებით... აქეთ-იქით ვეცემით”, - ამის შემდეგ, ვუდვარდმა ემის სთხოვა, გაეხედა ფანჯრიდან, რათა მიმხვდარიყვნენ, თუ სად იყო თვითმფრინავი - “დაბლა დავფრინავთ. ძალიან, ძალიან დაბლა დავფრინავთ... ღმერთო ჩემო, ზედმეტად დაბლა ვართ”. - დასრულდა სვინის ზარი. 08:46-ზე რეისი 11-ის  თვითმფრინავი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის შენობას შეასკდა. ბორტზე მყოფი 87 უდანაშაულო მოქალაქიდან ყველა გარდაიცვალა. მოკვდა ხუთივე ტერორისტიც. 

რეისი 175

პირველი შეჯახების შემდეგ ხალხი ვერ მიხვდა, როგორ შეეჯახა თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენს. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს თვითმფრინავის ნავიგაციის პრობლემების ბრალი იყო. ამ დროისთვის  ამერიკელმა ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა რეალურად. სულ რამდენიმე წუთში ყველაფერი გაირკვა. 

იმ დროს, როცა ამერიკა და მსოფლიო გაურკვევლობას მოეცვა,175-ე რეისის თვითმფრინავი მეორე ცათამბჯენისკენ მიფრინავდა. 

თვითმფრინავმა აეროპორტი 08:14-ზე დატოვა. ბორტზე იმყოფებოდა 56 მგზავრი (აქედან 5 ტერორისტი) და ეკიპაჟის 9 წევრი. ტერორისტებმა თვითმფრინავზე კონტროლი დაახლოებით 08:42-სა და 08:46-ს შორის მოიპოვეს. მათ იგივე მეთოდები გამოიყენეს, რაც მე-11 რეისის გამტაცებლებმა.

08:52-ზე აშშ-ს მოქალაქემ, ლი ჰენსონმა, საკუთარი შვილის, პიტერის ზარი მიიღო. პიტერი 175-ე რეისის ბორტზე იმყოფებოდა. “მგონი ისინი კაბინას აკონტროლებენ. ბორტგამცილებელი დაჭრეს და შესაძლოა წინ ვიღაც მოკლეს. თვითმფრინავი უცნაურ მოძრაობებს ასრულებს. გაერთიანებულ ავიახაზებს დაუკავშირდი, უთხარი, რომ ეს რეისი 175 არის, ბოსტონიდან ლას-ვეგასის მიმართულებით”. - უთხრა შვილმა მამას. ჰენსონმა ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. ამავე დროს, თვითმფრინავში მყოფმა ბორტგამცილებელმა კაცმა დარეკა გაერთიანებულ ავიახაზებში და მათ უთხრა, რომ გამტაცებლებმა ორივე პილოტი მოკლეს და ერთი ბორტგამცილებელი დაჭრეს. 08:59-ზე თვითმფრინავმა გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო. 

9 საათისთვის ლი ჰენსონს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა საკუთარი შვილი: “საქმე ცუდადაა მამა. ბორტგამცილებელი დაჭრეს. როგორც ჩანს დანები და “მეისი” (თავდაცვითი სპრეის ბრენდი) აქვთ. ამბობენ, რომ ბომბი აქვთ. ძალიან ცუდი ამბები ხდება თვითმფრინავზე. მგზავრებს გული ერევათ და ცუდად არიან. თვითმფრინავი ირყევა. არ მგონია, რომ თვითმფრინავს პილოტი მართავდეს. მგონი დაბლა ვეშვებით. მგონი მათ უნდათ, რომ ჩიკაგოში ან სადმე სხვაგან შენობას შეასკდნენ. არ ინერვიულო, მამა. თუ ეს მოხდა, ძალიან უცაბედი იქნება. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!” - შეწყდა პიტერის ზარი, რომლის დასრულებამდეც ლიმ ქალის კივილი გაიგონა. 

9 საათსა და 3 წუთზე რეისი 175 ტყუპების სამხრეთ ცათამბჯენს შეასკდა. 

ორივე შენობაში შეჯახების წერტილის მაღლა მყოფ ხალხს გასაქცევი გზა არ დარჩა. ყველაფერს ართულებდა ხანძარი. ამიტომაც, 200-მდე ადამიანი მრავალსართულიანი ცათამბჯენის ფანჯრებიდან გადმოხტა. შეჯახების ქვედა სართულზე მყოფთა დიდმა ნაწილმა ევაკუაცია შეძლო.

კაცი ხტება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენიდან

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ ცათამბჯენი 09:59-ზე, 56-წუთიანი ხანძრის შემდეგ ჩამოინგრა. დაახლოები ნახევარ საათში, 10:28-ზე ჩამოიშალა ჩრდილოეთ ცათამბჯენი, ტერორისტების პირველი სამიზნე. ორი ნაგებობის ნგრევამ დააზიანა შედარებით პატარა, შვიდი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობაც და ისიც განადგურდა, 17:21-ზე. შენობების ჩამონგრევამ ქუჩებში მტვრის, ნაცრისა და ნაფშხვენების ღრუბლები წარმოქმნა. 

9/11-ის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა უდიდესი წილი სწორედ მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მოწყობილი თავდასხმის მსხვერპლებზე მოდის. მხოლოდ სავაჭრო ცენტრსა და მის შემოგარენში ჯამში 2 606 ადამიანი დაიღუპა (თვითმფრინავების მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და გამტაცებლების ჩათვლით - 2 763). აქედან 344 ნიუ-იორკის სახანძრო განყოფილების მეხანძრეები იყვნენ, რომლებიც დაშავებულთა გადარჩენას ცდილობდნენ. შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ვარაუდობნენ, რომ ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.

 

რეისი 77

თითქმის იგივენაირად განვითარდა მოვლენები დალესის აეროპორტიდან, 08:20-ზე  აფრენილ რეის 77-ზე. ბორტზე 58 მგზავრი (აქედან 5 ტერორისტი) და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. 

ამ რეისის გატაცების ოპერაცია დაახლოებით 08:51-სა და 08:54-ს შორის დაიწყო. ბორტზე მყოფი ადამიანების ცნობით, გამატცებლებს დანები ჰქონდათ. მათ მგზავრები თვითმფრინავის ბოლოში გადაიყვანეს. ცნობების მიხედვით, წინა თავდასხმებისგან განსხვავებით ეს გამტაცებლები შეიარაღებულები იყვნენ ქაღალდის საჭრელი დანებითაც. პილოტმა მგზავრებს გამოუცხადა, რომ თვითმფრინავს იტაცებდნენ. 

როდესაც 9 საათზე ამერიკული ავიახაზების აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ჯერარდ არპიმ შეიტყო, რომ უკვე მისი კომპანიის მეორე თვითმფრინავთან (ამავე კომპანია ეკუთვნოდა რეისი 11) გაწყდა კავშირი, გადაწყვიტა, რომ კომპანიას ფრენები შეეჩერებინა. მან გასცა ბრძანება, რომ ამერიკული ავიახაზების რეისები გადადებულიყო და არ აფრენილიყო. რამდენიმე წუთში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსს მეორე თვითმფრინავი დაეჯახა. ამერიკულ ავიახაზებში ჩათვალეს, რომ ეს სწორედ მათი რეისი 77 იყო. როდესაც მათ გაიგეს, რომ გაერთიანებული ავიახაზების კომპანიასაც გაწყვეტილი ჰქონდა კონტაქტი საკუთარ თვითმფრინავთან, გადაწყივტეს, რომ კომპანიის თვითმფრინავების რეისების აფრენის შეზღუდვა გაეხანგრძლივებინათ. 

09:37-ზე რეისი 77 აშშ-ს თავდაცვის ორგანოს, პენტაგონის შენობას შეეჯახა. პენტაგონის შენობაში 125 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ნიუ-იორკის ტრაგედიამ პენტაგონის შემთხვევა დაჩრდილა და ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვდა. თუმცა, როგორც გარეტ გრაფი, 9/11-თან დაკავშირებული წიგნის, “ერთადერთი თვითმფრინავი ცაში”, ავტორი თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ციტირებს, დამთხვევა იყო, რომ პენტაგონის იმ სექტორში, რომელსაც თვითმფრინავი დაეჯახა, ტრაგედიის დღეს ცოტა ადამიანი მუშაობდა. ამას გარდა, ახალი ანტიტერორისტული სტანდარტების მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტის შენობა გამაგრებული იყო. 
 

პენტაგონის დაზიანებული ნაწილი გაწმენდვითი სამუშაოების შემდეგ

რეისი 93

გამორჩეულია მეოთხე გატაცებული თვითმფრინავის, რეისი 93-ის ისტორია. ამ თვითმფრინავმა ნიუარკის აეროპორტი 08:42-ზე დატოვა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი და 37 მგზავრი იჯდა, 4 გამტაცებლის ჩათვლით. 

თუკი სხვა თვითმფრინავებზე გამტაცებლებმა კონტროლი პირველ ნახევარ საათში მოიპოვეს, რეისი 93-ის ტერორისტებს მოქმედების დასაწყებად დაახლოებით 46 წუთი დასჭირდათ. ისინი პილოტის კაბინას 09:28-ზე დაესხნენ თავს. მალე კლივლანდში არსებულმა ავიარეისების კონტროლის ცენტრმა რეისი 93-ის პილოტებისგან სიგნალი “მეიდეი” მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხომალდზე რაღაც რიგზე არაა. ისმოდა დაპირისპირების ხმაც. აქედან 35 წამში, კლივლანდის ცენტრში კიდევ ერთი ხმოვანი შეტყობინება მიიღეს. “ჰეი, გადი აქედან! გადი აქედან!” - ისმოდა ჩანაწერში.

დაახლოებით 09:32-სთვის ერთ-ერთმა ტერორისტმა, ზიად ჯარამ მგზავრებთან კონტაქტი სცადა: “ქალბატონებო და ბატონებო, კაპიტანს უსმენთ. გთხოვთ, დასხედით და ისხედით. ბორტზე ბომბი გვაქვს. ასე რომ, ისხედით”. თუმცა, როგორც ჩანს, მანაც იგივე შეცდომა დაუშვა, რაც რეის 11-ზე მუჰამედ ატტამ გააკეთა და შეტყობინება ბორტის ნაცვლად ავიამოძრაობის კონტროლის არხს გაუგზავნეს.

რეისი 93-ის ტრაექტორია

თვითმფრინავის ბორტის ჩანაწერებიდან ისმის, რომ პილოტის კაბინაში ტერორისტებს მძევალი ქალი ჰყავდათ, სავარაუდოდ, ბორტგამცილებელი. ის ერთ-ერთ გამტაცებელს წინააღმდეგობას უწევდა და, როგორც ჩანს, ტერორისტმა ქალი ან მოკლა ან გააჩუმა. 

აქედან ცოტა ხნის შემდეგ, ზოგიერთმა მგზავრმა ოჯახის წევრებთან ტელეფონზე საუბარი დაიწყო. როგორც ჩანს, ტერორისტები ყურადღებას არ აქცევდნენ, ამას თავად მგზავრები ამბობდნენ სატელეფონო საუბრებში. ხალხმა გაიგო სიახლე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შესახებ. საუბრებიდან, ვიგებთ, რომ ტერორისტებმა ერთი მგზავრი მაინც დაჭრეს. ასევე, ზოგეირთ სატელეფონო საუბარში, გატაცებულები ამბობდნენ, რომ კაბინაში ორი სხეული ეგდო, დაშავებული ან მოკლული. ერთ-ერთი მგზავრის თქმით კი მოკლული იყო ბორტგამცილებელი. გატაცებულებიდან ერთ-ერთმა გამტაცებლების ბომბიც ახსენა და თქვა, რომ მას ეს ყალბი ბომბი ეგონა. 

რამდნეიმე წუთში რეის 93-ზე მოხდა ის, რაც ამ დღეს არც ერთ სხვა გატაცებულ თვითმფრინავში არ მომხდარა. მგზავრებმა კენჭი იყარეს, უნდა დაეწყოთ თუ არა შტურმი გამტაცებელთა წინააღმდეგ, როგორც ეს ერთ-ერთ სატელეფონო ლაპარაკში გაირკვა. 9/11-ის ანგარიშში ვკითხულობთ: “მათ გადაწყვიტეს და იმოქმედეს”. საინტერესოა, რომ მგზავრებმა ასეთ რთულ და დაძაბულ ვითარებაშიც კი სამოქმედო გეგმის დემოკრატიულად გადაწყვეტა აირჩიეს. 

09:57-ზე მათ დაიწყეს იერიში პილოტის კაბინაზე. ამ დროს თვითმფრინავის ჩანაწერებში ისმის ტერორისტების ხმა: “რამე ხდება? ჩხუბია?”. 9/11-ის ანგარიშის მიხედვით, ბევრმა მგზავრმა ამ დროს ახლობლებთან სატელეფონო ლაპარაკი შეწყვიტა, რათა შტურმს შეერთებოდნენ. მაგალითად, ბორტგამცილებელმა სანდრა ბრადშოუმ საკუთარ ქმარს ბოლო სიტყვებად უთხრა: “ყველა [თვითმფრინავის] პირველი კლასისკენ მირბის. უნდა წავიდე. კარგად”. ბოლო სიტყვებამდე ჩანდა, რომ ბრადშოუს ადუღებული წყალიც კი ჰქონდა გამზადებული, რათა გამტაცებლებისთვის შეესხა.

სანდრა ბრადშაუ

ბორტზე მყოფი მგზავრებიდან ერთ-ერთი იყო ტოდ ბიმერი, ორი შვილის მამა - სატელეფონო საუბრისას ნათქვამი მისი ბოლო სიტყვები საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ბიმერმა საკუთარ ორსულ ცოლთან დარეკვა სცადა, მაგრამ საბოლოოდ GTC-ს ოპერატორთან მოხვდა. ეს იყო კომპანია, რომელიც გაერთიანებულ ავიახაზებს სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფდა. ტოდს კომპანიის ოპერატორმა, ლისა ჯეფერსონმა უპასუხა. ისინი 13 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. მათ ფსალმუნის ნაწყვეტიც კი წაიკითხეს ერთად: “შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი”. 

ბიმერმა ოპერატორს უთხრა: “თუ ვერ გადავრჩები, გთხოვ, ჩემს ოჯახს დაურეკე და უთხარი, თუ როგორ მიყვარს ისინი”, - ამის შემდეგ ჯეფერსონს ყურმილში დაპირისპირების ხმა ესმოდა, ბოლოს კი ტოდის იერიშისკენ მოწოდებისსიტყვები გაიგო: “მზად ხართ? კარგი. წავიდა!”.

ტოდ ბიმერი

როდესაც მგზავრები კაბინასთან მოგროვდნენ, ტერორისტმა ზიად ჯარამ, რომელიც პილოტის როლს ასრულებდა, თვითმფრინავის მარჯვნივ-მარცხნივ რყევა დაიწყო, რათა თავდამსხმელებს წონასწორობა ვერ შეეკავებინათ. 09:58-ზე ჯარა სხვა ტერორისტებს კარის გამაგრებისკენ მოუწოდებდა და უყვიროდა: “შემოსვლა უნდათ. შეაჩერეთ, შეაჩერეთ შიგნიდან”.

09:59-სთვის ჯარამ ტაქტიკა შეცვალა, ახლა ის თვითმფრინავს ზევით-ქვევით ამოძრავებდა. ბორტის ჩანაწერში ისმის ბრახუნის, შუშების ჩალეწვისა და ყვირილის ხმა. 10 საათისთვის თვითმფრინავი კვლავ სწორ ხაზზე მოძრაობს, მაგრამ ხუთ წამში ჯარა კითხულობს: “ეგაა? უნდა გავანადგუროთ?”. მას სხვა ტერორისტი პასუხობს: “არა, ჯერ არა. როცა ყველა მოვა, შემდეგ გავანადგურებთ”. ჯარა თვითმფრინავის ზევით-ქვევით მოძრაობას აგრძელებს. პარალელურად ისმის მგზავრების ხმები: “კაბინისკენ! თუ ეს ვერ შევძელით, ყველა დავიხოცებით!”. რამდენიმე წამში კიდევ ისმის მოიერიშეების შეძახილი: “მიდით!”. თვითმფრინავი სწორ ხაზზე ჩერდება. “ღმერთი უდიდესია! ღმერთი უდიდესია! (ალაჰუ აკბარ!)”, - ყვირის ჯარა 10:01-ზე, შემდეგ კი კაბინაში მყოფ მეორე გამტაცებელს კიდევ ეკითხება: “ეგაა? ანუ, უნდა ჩამოვაგდოთ?”, - რაზეც ის დადებით პასუხს იღებს. 

10:02-სთვის მგზავრები შტურმს ჯერ კიდევ აგრძელებენ და როგორც ჩანაწერებიდან ისმის, მათ თვითმფრინავზე მართვის მოსაპოვებლად ცოტაღა აკლდათ. ისმის ტერორისტის ყვირილი: “ჩამოაგდე! ჩამოაგდე!”. შემდეგ კი განწირული ამოძახილი არაბულად: “ჰეი. ჰეი. მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი, მომეცი!”, - რაშიც სავარაუდოდ პილოტის საჭე იგულისხმება. “ღმერთი უდიდესია!” - ისმის ბოლო შეძახილებში არაბული შეძახილი.

10:03-ზე რეისი 93-ის თვითმფრინავი პენსილვანიაში, შანკსვილის ტერიტორიის დაუსახლებელ ველზე ვარდება. ბორტზე მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩა. რეისი 93-ის გამტაცებელთა სამიზნე ან თეთრი სახლი, ან კაპიტოლიუმი უნდა ყოფილიყო, რომელთაგან ორივე ვაშინგტონში მდებარეობს. რეისის მგზავრებმა მართალია საკუთარი თავის გადარჩენა ვერ შეძლეს, თუმცა მათმა გამბედაობამ შესაძლოა რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათ ტერორისტებს მიზნის მიღწევის უფლება არ მისცეს.

რეისი 93-ის ჩამოვარდნის ადგილი

ტერაქტის ავტორები, შემსრულებლები და მათი მოტივები

ალ-კაიდა და ოსამა ბინ ლადენი

9/11-ის თავდასხმების უკან ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდა იდგა, რომელსაც საუდის არაბეთიდან გაძევებული ოსამა ბინ ლადენი უძღვებოდა. ალ-კაიდამ ჩამოყალიბება ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის დროს დაიწყო, როდესაც ამ ქვეყანაში კომუნისტების ძალებთან საბრძოლველად სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდან რადიკალი ისლამისტები იკრიბებოდნენ. მათ შორის იყო ოსამა ბინ ლადენიც. 

წლების განმავლობაში ალ-კაიდა თანდათან ძლიერდებოდა. საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ 1996 წელს დაჯგუფებამ ამერიკას, შეიძლება ითქვას, რომ ომი გამოუცხადა. ამ წელს ოსამა ბინ ლადენმა გამოსცა ფატვა (ისლამში პოზიცია რაიმე საკითხთან დაკავშირებით), როგორც ამას თავად უწოდებდა. ფატვას სახელად ერქვა “ომის გამოცხადება ამერიკელების მიმართ, რომელთაც ოკუპირებული აქვთ ორი წმინდა ადგილის მიწები”. ამ ტექსტში ოსამა ბინ ლადენი ითხოვდა, რომ აშშ-ს გაეყვანა საუდის არაბეთიდან გაეყვანა ჯარი, რომელიც აქ 1990-91 წლის სპარსეთის ყურის შემდეგ იყო დარჩენილი. 1996 წლისთვის ოსამა ბინ ლადენი სუდანიდან კვლავ ავღანეთში ბრუნდებოდა და აქ აპირებდა ალ-ქაიდას გაძლიერებას. 1996 წელს ავღანეთის დიდ ნაწილზე კონტროლი თალიბანმა მოიპოვა, დაჯგუფებამ, რომელიც ალ-კაიდასთან პარტნიორობდა.

ოსამა ბინ ლადენი და ალ-ზავაჰირი ერთ-ერთი მიმართვის დროს

1998 წელს ბინ ლადენმა, თანამზრახველ აიამან ალ-ზავაჰირისთან ერთად, გამოსცა მომდევნო ფატვა, სახელად “მსოფლიოს ისლამური ფრონტი”. მათი მტკიცებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი თვით ღმერთს, მის მოციქულსა და მუსლიმ ხალხს გამოუცხადა. ისინი საუბრობდნენ ჯვაროსანთა (დასავლელთა) და სიონისტთა (ებრაელთა) ალიანსზე, რომელიც, მათი თქმით, არაბულ სამყაროს ჩაგრავდა. ბინ ლადენი 1998 წლის ფატვაში ყოველ მუსლიმს მოუწოდებდა შეძლებისდაგავრად დაეხოცათ ამერიკელები და მათი მოკავშირეები, იქნებოდნენ ისინი სამხედროები, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. იგი ამას ყოველი მუსლიმის მოვალეობად თვლიდა და ამბობდა, რომ ჯიჰადი ინდივიდუალური ტვირთი იყო. ბინ ლადენის ფატვის თვითგამოცხადებული მიზანი ისლამის წმინდა ადგილების, კერძოდ, იერუსალიმში ალ-აკსას მეჩეთის, ხოლო საუდის არაბეთში მექას “ჯვაროსენბისგან და სიონისტებისგან” გათავისუფლება იყო. 1998 წელს ალ-კაიდამ მოაწყო ტერაქტები აშშ-ს საელჩოებზე კენიასა და ტანზანიაში, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. 

ხალიდ შეიხ მუჰამედი

მიუხედავად იმისა, რომ ოსამა ბინ ლადენი რადიკალური ანტიამერიკული ნარატივებით გამოირჩეოდა, ის გეგმა, რომელიც 11 სექტემბერს შესრულდა მას სხვა ტერორისტმა მიაწოდა. თავდასხმების იდეის ავტორი იყო პაკისტანელი ხალიდ შეიხ მუჰამედი. საინტერესოა, რომ მას აქამდეც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე მოწყობილ თავდასხმაში. ის იყო მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომხდარი 1993 წლის ტერაქტის დამფინანსებელი და მრჩეველი. ამას გარდა ის იყო რამსი იუსუფის ბიძა, იმ ადამიანის, რომელმაც 1993 წლის აფეთქება მოაწყო. ასაფეთქებლებით სავსე მანქანა მაშინ ჩრდილოეთ ცათამბჯენის ქვეშ აფეთქდა. ტერორისტების მიზანი შენობის საყრდენის განადგურება და მისი ჩამონგრევა იყო, რაც არ გამოუვიდათ.

მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათაბრჯენის ქვედა სართული 1993 წლის აფეთქების შემდეგ

9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, ხალიდ შეიხ მუჰამედი ბინ ლადენს 1996 წელს შეხვდა და მას საკუთარი ტერაქტების გეგმებს აცნობდა. მათ ერთმანეთი აქამდეც ჰყავდათ ნანახი, 1987 და 1989 წელს. მან ალ-კაიდას ლიდერს გააცნო საკუთარი გამოცდილება ტერაქტებში, განსაკუთრებით ფილიპინებში აქტიურობა. შემდეგ წარუდგინა გეგმა, რომელიც ტერორისტებისთვის ფრენის სწავლებასა და თვითმფრინავების გატაცებას მოიცავდა, გეგმა, რომელიც საბოლოოდ 9/11-ის ტრაგედიად იქცა. ბინ ლადენმა მის გეგმებს პირველადვე დასტური არ მისცა, თუმცა შეიხ მუჰამედს ალ-კაიდაში ფორმალურად გაწევრიანება შესთავაზა. 

ხალიდ შეიხ მუჰამედი დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე და 2003 წელს, დაკავების დღეს

თავდაპირველად ხალიდ შეიხ მუჰამედმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. 9/11-ის კომისიის ანგარიში ამ უარის მიზეზებს საინტერესოდ განმარტავს. დოკუმენტის მიხედვით, ქუვეითში დაბადებული, წარმოშობით პაკისტანელი ხალიდ შეიხ მუჰამედი 1987 წელს პირველად ჩავიდა პაკისტანში, ქალაქ პეშავარში. ის აქ შეხვდა ცნობილ ავღანელ მუჯაჰიდს, აბდულ რასულ საიაფს, რომელიც ჰეზბულ-იტიჰად ელ ისლამის (ისლამური ერთიანობის პარტია) ლიდერი იყო. საიაფი გახდა ხალიდ შეიხ მუჰამედის მენტორი და სამხედრო ვარჯიშიც გაატარა. სხვათაშორის, ამ წლებიდან იწყება შეიხ მუჰამედის განსაკუთრებული რადიკალიზაცია. საიაფი ახლოს იყო ავღანეთის ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერთან, აჰმად შაჰ მასუდთან. ოსამა ბინ ლადენი და მისი ალ-კაიდა კი ამ ფრაქციის მოწინააღმდეგეს, თალიბანს უკავშირდებოდა. ალ-კაიდაში გაწევრიანებაზე თავდაპირველი უარის თქმის შესაძლო მიზეზად 9/11-ის კომისიის ანგარიში სწორედ ამ ფაქტს ასახელებს.

აბდულ რასულ საიაფი

მიუხედავად იმისა, რომ ის ალ-კაიდას არ შეუერთდა, მომავალში, 1997-98 წლებში მან ახლო კონტაქტი დაამყარა ბინ-ლადენის მხედართმთავრებთან, ატეფთან და საიფ ალ-ადლთან. ალ-კაიდას 1998 წლის აშშ-ს საელჩოებზე განხორციელებულმა ტერაქტებმა შეიხ მუჰამედი დაარწმუნა იმაში, რომ ოსამა ბინ ლადენი ბოლომდე მზად იყო ამერიკელთა წინააღმდეგ საბრძლველად. მან დაჯგუფებასთან არაფორმალური თანამშრომლობა და დახმარება განაგრძო და არც საკუთარი გეგმის თავიდან შეთავაზება გამორჩენია. 9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, ბინ ლადენი თვითმფრინავების გეგმას, სავარაუდოდ, 1998 წლის ბოლოს, ან 1999 წლის დასაწყისში დათანხმდა, საკუთარი თანაგუნდელის, ატეფის თხოვნის საფუძველზე. შეიხ მუჰამედი ალ-კაიდაში უკვე ოფიციალურად გაწევრიანდა.

9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, ხალიდ შეიხ მუჰამედის თავდაპირველ გეგმაში საუბარი იყო 10 თვითმფრინავის გატაცებაზე. თავდსახმები უნდა მომხდარიყო აშშ-ს დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზეც. სამიზნეები იქნებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) შტაბბინები, ასევე ატომური ელექტროსადგურები და კალიფორნიის უმაღლესი შენობა. მეათე თვითმფრინავს ის თავად გაიტაცებდა, დაფრინდებოდა ერთ-ერთ ამერიკულ აეროპორტში, დახოცავდა ყველა ზრდასრულ კაცს, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდოდა.

ჰამბურგის ჯგუფი

შეიხ მუჰამედი და ოსამა ბინ ლადენი ოპერაციისთვის ალ-კაიდას გამოცდილ წევრებს არჩევდნენ, თუმცა 1999 წლის ბოლოს გამოჩნდა 4 ახალგაზრდა ჯიჰადისტი, რომელთაც განათლება გერმანიაში ჰქონდათ მიღებული. ეს იყო ე.წ. ჰამბურგის ჯგუფი: მუჰამედ ატტა, რამზი ბინ ალ-შიბი, მარვან ალ-შეჰი და ზიად ჯარა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახალწვეულები იყვნენ და ალ-კაიდას ტერაქტისთვის სტაჟიანი წერვრები სჭრიდებოდა, ჰამბურგის ჯგუფი 9/11-ის ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი განმხორციებელი გახდდა. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ კარგად იცოდნენ ინგლისური და ჰქონდათ დასავლეთში ცხოვრების გამოცდილება. 

ზიად ჯარა და მუჰამედ ატტა, 2000 წლის ჩანაწერიდან. ჩანაწერი ტერაქტების შემდეგ, რამდენიმე წელში გამოქვეყნდა

ჰამბურგის ჯგუფის და ზოგადად 9/11-ის ტერაქტების მთავარ შემსრულებლად მუჰამედ ატტას მოიაზრებენ ხოლმე. ის 1968 წელს, ეგვიპტეში, ადვოკატის ოჯახში დაიბადა. ის კაიროს უნნივერსიტეტში ინჟინერიას სწავლობდა და ბაკალავრიატი კარგი ქულებით დაასრულა. მამამისი სწავლის უცხოეთში გაგრძელებისკენ მოუწოდებდა. ამ მიზნით კაიროში ატტა 1992 წელს გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის პროგრამაში. საბოლოოდ ატტა გერმანიაში მოხვდა და ჰამბურგის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. თანდათან ის უფრო და უფრო რადიკალური ისლამიზმის გზას ადგებოდა. მის გარშემო გერმანიაში შეიკრიბნენ მისი თანამოაზრეები, რომლებიც იკრიბებოდნენ ხოლმე და ერთმანეთს აზრებს უცვლიდნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ ალ-კაიდას რიგებშიც კი მოხვდა. 

9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, 1999 წელს ატტა, ბინ ალ-შიბი, ალ-შეჰი და ჯარა ჩეჩნეთის ომში აპირებდნენ წასვლას, რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა მათი მიზნები ერთმა შემთხვევითმა შეხვედრამ შეცვალა. რამზი ბინ ალ-შიბის მიხედვით (ბინ ალ-შიბი 11 სექტემბერს გამატცებელთა შორის არ ყოფილა, თუმცა ის გეგმის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის 2002 წელს პაკისტანში დააკავეს და გუანტანამოს აშშ-ს ციხეში გადაიყვანეს) მას და ალ-შეჰის მატარებელში შეხვდათ პიროვნება, რომელიც მათ ხალიდ ალ-მასრის სახელით გაეცნო. მათ ჯიჰადისა და ჩეჩნეთის ომის შესახებ ისაუბრეს. ალ-მასრიმ ბინ ალ-შიბსა და ალ-შეჰის ურჩია ქალაქ დუისბურგში აბუ მუსაბი მოეძებნათ. 

რამზი ბინ ალ-შიბი

9/11-ის კომისიის ანგარიშის მიხედვით, აბუ მუსაბი მომავალში ალ-კაიდასთან კავშირში ბრალდებული მუჰამედ ულდ სალაჰი გამოდგა. მას ესტუმრნენ ჰამბურგის ჯგუფის წევრები, ბინ ალ-შიბი, ალ-შეჰი და ჯარა. სალაჰმა მათ უთხრა, რომ ჩეჩნეთში წასვლა რთული იყო, რადგან იქ მიმავალ ბევრ მოგზაურს საქართველოში აკავებდნენ. მან ახალგაზრდებს ავღანეთში წასვლა და ჩეჩნეთში გამგზავრებამდე აქ ვარჯიშის გავლა ურჩია. გეგმაში ჩაერთო ატტაც, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. ასე დაადგა ჰამბურგის ჯგუფი გზას ალ-კაიდასკენ. სანამ ოთხმა ჯიჰადისტმა გერმანია დატოვა, აქ მათ საქმეებს ჰამბურგის ჯგუფის სხვა წევრები აგვარებდნენ, რათა მათი არყოფნა შესამჩნევი არ გამხდარიყო.

როდესაც ჰამბურგის ჯგუფი 9/11-ის გეგმაში ჩაერთო, ატტა იყო ის, ვინც ცდილობდა აშშ-ში თავად და მის რამდენიმე თანამზრახველს თვითმფრინავის მართვის შესწავლის კურსები ეპოვათ. მან აშშ-ს ვიზა გერმანიაში ცხოვრების გამოცდილებისა და უნივერსიტეტის მაღალი ქულების მეშვეობით მარტივად მიიღო. 4 კაციდან ვიზა მხოლოდ ბინ ალ-შეჰის არ მისცეს, ამიტომაც მას მოუწია თანამზრახველებს დისტანციურად დახმარებოდა. ჰამბურგის ჯგუფი ალ-კაიდას დანარჩენ წევრებს აშშ-ში შემოსვლაში დაეხმარა. 19 გამტაცებლიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო, სავარაუდოდ ეს განზრახული იყო, რადგან მათ ამერიკის ვიზები მარტივად აეღოთ. აშშ-ში 9/11-ის გეგმის რამდენიმე ბოროტმოქმედმა ისწავლა, თუ როგორ ემართათ თვითმფრინავი. 

პასუხისმგებლობა 9/11-ის ტერაქტზე

9/11-ის ტერაქტების შემდეგ, მომენტალურად ივარაუდეს კავშირი ოსამა ბინ ლადენთან და  ალ-კაიდასთან. უკვე ორი კვირის შემდეგ კი, FBI-იმ დაადგინა ეს კავშირი. 

თავდაპირველად ტერაქტებზე პასუხისმგებლობას არც ერთი დაჯგუფება არ იღებდა. ტერაქტის მომდევნო დღეს პაკისტანურ გაზეთში ოსამა ბინ ლადენის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც ის თავდასხმებს ადიდებდა, თუმცა პასუხისმგებლობას უარყოფდა. მან პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ უარყო 16 სექტემბერს, მისი თქმით, როგორც ჩანს, ტერაქტი კონკრეტულმა პირებმა ინდივიდუალური სურვილით განახორციელეს. 

2001 წლის ნოემბერში ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთშ, ჯალალაბადში ერთ-ერთი სახლიდან ამოიღეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოსამა ბინ ლადენი თანამზრახველს 9/11-ის ტერაქტის გეგმაზე ესაუბრებოდა.

ოსამა ბინ ლადენმა ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად 2004 წელს აღიარა, მან გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ის 9/11-ის თავდასხმის მიზეზებს განმარტავდა. “გეტყვით, ალაჰმა უწყის, რომ ცათამბჯენებს არასდროს დავესხმებოდით თავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს აუტანელი გახდა, როცა ამერიკისა და ისრაელის კოალიციის მიერ პალესტინასა და ლიბანში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ შევიწროებისა და ტირანიის მოწმე გავხდით, ეს აზრად მომივიდა”. - ამბობდა ოსამა ბინ ლადენი ჩანაწერში. 

ჩადენილი ხალიდ შეიხ მუჰამედმაც აღიარა. 2003 წლის მარტში აშშ-სა და პაკისტანის დაზვერვის ჯგუფებმა ის პაკისტანში დააკავეს. თუმცა, მის აღიარებებსა და ზოგადად დაკითხვის პროცესზე კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან CIA მისგან ინფორმაციის მისაღებად წამების მეთოდებს იყენებდა. მაგალითად, აბავდნენ, სახეზე ნაჭერს აფარებდნენ და ზედ წყალს ასხამდნენ. 
 

ტერაქტის საპასუხო ქმედებები

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ დაახლოებით 10:20-ზე გასცა ბრძანება, რომ ჩამოეგდოთ ნებისმიერი კომერციული თვითმფრინავი, რომელიც შესაძლოა გატაცებული ყოფილიყო. ბრძანების შესასრულებლად ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, თუმცა ბრძანება დაგვიანებული იყო. ამ დროისთვის აღარც ერთი თვითმფრინავი გატაცებული არ ყოფილა.

ამას გარდა, ფრენები დროებით შეჩერდა. ამერიკის საჰაერო სივრცე ყველა ქვეყნის კომერციული რეისებისთვის ჩაიკეტა. მთელს მსოფლიოში ათიათასობით ადამიანს აეროპორტებში გაჩერება მოუწია. 

14 საათსა და 20 წუთზე აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი ითხოვდა გაერკვიათ, იყო თუ არა სადამ ჰუსეინის ერაყი 9/11-ის ტერაქტთან კავშირში. განიხილებოდა 9/11-ის საპასუხოდ ერაყზე თავდასხმა, თუმცა 16 სექტემბერს დროებით გადაიფიქრეს. 

პრეზიდენტ ბუშს აწვდიან ინფორმაციას 9/11-ის ტერაქტების შესახებ

14 სექტემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო სამხედრო ძალის ტერორისტების წინააღმდეგ გამოყენების ავტორიზაცია, რომელიც დღესაც მოქმედებს და აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს სრულ ძალაუფლებას, საკუთარი ნების შესაბამისად გამოიყენოს საჭირო და პროპორციული ძალა მათ წინააღმდეგ, ვინც დაგეგმა, დაამტკიცა, ჩაიდინა ან დაეხმარა 11 სექტემბრის ტერაქტების შესრულებას. ამას გარდა, მიიღეს რიგი აქტები, რომლებიც მთავრობას ხალხის პირად ცხოვრებაში მეტად ჩართვისა და გაკონტროლების საშუალებას აძლევდა.

საინტერესოა, რომ ისტორიაში პირველად გააქტიურდა NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს, რომ თუკი წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან, ეს მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს.

ცნობილი იყო, რომ ოსამა ბინ ლადენი ამ დროს ავღანეთში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თალიბანს ბინ ლადენის გადმოცემა და ალ-კაიდას ბაზების დახურვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, გადაწყდა ავღანეთში შეჭრა, რათა ტერორისტული საფრთხე უვნებელყოფინებინათ. 2001 წლის 7 ოქტომბერს აშშ-მ ეს ოპერაცია NATO-ს მოკავშირეებთან ერთად დაიწყო. მომავალში ამავე საგარეო პოლიტიკის კურსს მოჰყვა 2003 წელს ერაყში შეჭრა. 

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში

ტერაქტებს ეფექტი ჰქონდა საზოგადოებაზეც. მაგალითად, 9/11-ის შემდეგ აშშ-ში გაიზარადა ახლო აღმოსავლეთის ეთნიკურ ჯგუფებზე სიძულვილით მოტივირებული თავდასხმები. 

აშშ-ს მთავრობის ქმედებას, 9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებით, ხშირად დაგვიანებულად აფასებენ. საქმე ისაა, რომ ინფორმაციის დეტალებს ალ-კაიდას თავდასხმის საფრთხის შესახებ ფლობდა CIA-იც და FBI-იც. თუმცა ამ ინსტიტუციებს შორის შეუთავსებლობის და გარკვეული უთანხმოებების გამო ინფორმაციის სათანადოდ გაცვლა და სრული სურათის ფორმირება ვერ ხერხდებოდა. ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი, ლაურენს ვრაითი საკუთარ წიგნში “გამოკვეთილი ცათამბჯენი: ალ-კაიდა და გზა 9/11-სკენ” - წერს, რომ FBI-სა და CIA-ს შორის ერთგვარი “ინსტიტუციური ბრძოლა” მიმდიბარეობდა. ამას გარდა, მისი აზრით ალ-კაიდას საფრთხეს სათანადადოდ ვერ აფასებდნენ: “ამ ახალი საფრთხის ყველაზე შემაშინებელი მხარე ის იყო… რომ ის თითქმის არავინ მიიღო სერიოზულად. ძალიან უჩვეულო, პრიმიტიული და ეგზოტიკური იყო”. ტერაქტამდე 1 თვით ადრე, 2001 წლის 6 აგივსტოს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ყოველდღიური ანგარიშიც კი მიიღო, სათაურად “ბინ ლადენი აშშ-ზე თავდასხმას აპირებს”, რაც ასევე დარჩა სათანადო რეაგირების გარეშე.

დღეს, როცა 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა, თითქოს ყველაფერი საწყის წერტილს უბრუნდება. ავღანეთში თალიბანის მთავრობა დაბრუნდა. კვლავ არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს ქვეყანა ტერორიზმის თავშესაფრად იქცეს, რის აღსაკვეთადაც აშშ-სა და NATO-ს ჯარები აქ 2001 წლის ოქტომბერში შევიდნენ. ალ-კაიდა მართალია დასუსტებულია, მაგრამ ის არ დამარცხებულა, როგორც ამას აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს. ალ-კაიდას ნაცვლად დღეს სხვა მრავალი ტერორისტული დაჯგუფება წარმოიქმნა, რომლებმაც 2001 წლისგან შემდეგ ბევრი რამ ისწავლეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ არც რადიკალი ისლამისტებისთვის განვითარდა მოვლენები კარგად და როგორც ავღანეთისა და აქამდე ერაყის გამოცდილებამ გვაჩვენა, არც აშშ-სთვის. თუ ოსამა ბინ ლადენს 9/11-ის დაუნდობელი და სისხლიანი ტერაქტით ისლამური სამყაროდან ამერიკული ძალების გასვლა სურდა, როგორც გამოჩნდა, ამისთვის ყველაზე ცუდი გზა აირჩია, რადგან ალ-კაიდას ამ ქმედებას აშშ-ს ორი დიდი ინტერვენცია მოჰყვა, ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ერაყში. ვერც აშშ-მ შეძლო საკუთარი ოპერაციებით ტერორისტული საფრთხის განეიტრალება, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში სოკოებივით ამოიზარდა. ბევრი მათგანი ალ-კაიდას ერთ დროს შვილობილი დაჯგუფებაც კია, მაგალითად ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS). თუმცა, უნდა ითქვას, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დონე გაზრდილია, რათა მსგავსი საფრთხის წინაშე მეორეჯერ აღარ დადგნენ. 

დღეს, 9/11-დან 20 წლის შემდეგ ხელახლა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს მეტ-ნაკლებად თბილი თავშესაფარი ჰქონდეთ ავღანეთში. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს თალიბანი, ფაქტი ის არის, რომ მათ მიერ ახლადდადგენილი ავღანეთის მთავრობიდან მრავალს, ალ-კაიდასთან უშუალო კავშირი აქვთ.

კომენტარები