გლდანის ციხე

იუსტიციის სამინისტრო: გლდანის ციხეში "ჩერისა" და ჟოლოს მოსავლის აღება გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჟოლოსა და პომიდორ "ჩერის" მოსავლის აღება გრძელდება. სამინისტროს ცნობით, მსჯავრდებულები დღეს სამი სახეობის ჟოლოსა და წითელ და ყვითელ პომიდორ "ჩერის" კრეფენ.

"პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის მიმდინარეობის სამწლიან პერიოდში წლევანდელი მოსავალი საუკეთესოა, რაც მსჯავრდებულთა შემოსავალზეც აისახება. ჟოლოსა და პომიდვრის გაყიდვით  მიღებული თანხა მათ ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროდუქტის რეალიზაციას კი იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი რამდენიმე ობიექტში მოახდენს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში მონაწილეობა მსჯავრდებულების რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ფიზიკური აქტივობა კი მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან, მსჯავრდებულები სამეურნეო საქმიანობის უნარ-ჩვევებსაც იძენენ". – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მოსავლის მოყვანის პროცესში გლდანის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები 2019 წლიდან მონაწილეობენ. თავდაპირველად, მათ მცირე ტერიტორიაზე მხოლოდ ჟოლო მოჰყავდათ, წელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები 9 000 კვადრატული მეტრზე მიმდინარეობს და მსჯავრდებულებმა 1 500 კგ. ჟოლო, 2 500 კგ. წითელი და ყვითელი პომიდორი ჩერი, 2 000 კგ. საზამთრო, 1 000 კგ. გოგრა, 1 000 კგ. ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და მწვანილი, ჯამში, 8 ტონაზე მეტი ხილი და ბოსტნეული მოიყვანეს.

კომენტარები