"არცერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არცერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული". – ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის კგბ-სთან დადებულ შეთანხმებაზე. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ეს "ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმებაა", რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით თანამშრომლობენ.
"ესეც არის მორიგი კლასიკური მაგალითი, როგორ იქმნება ფეიკნიუსი, ყალბი ნიუსი და როგორ აბრუნებენ, ერთის მხრივ, პრიმიტიულ მოცემულობას სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ძალიან მარტივად გეტყვით და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩვენი უცხოელი მეგობრების გასაგონად, 2016 წელს, ანუ მაშინ, როცა ბელორუსთან დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ ძალიან ნორმალური, კარგი ურთიერთობა და იყვნენ სრულ კოორდინაციაში და ბელარუსიც მიისწრაფოდა დასავლეთის ქვეყნებთან ნორმალური თანამშრომლობის რეჟიმისკენ, მაშინ ჩვენ ეს ინფორმაცია გავავრცელეთ კიდევაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტებაც გააკეთა, რომ არაერთ ქვეყანას დასავლეთ ევროპაში გაფორმებული აქვს ანალოგიური შინაარსის შეთანხმებები ბელარუსთან. 2016 წელს და ეს საჯარო ინფორმაციაა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფორმა ანალოგიური შინაარსის შეთანხმება ბელარუსის შესაბამის სამსახურთან. მაშინაც, მას შემდეგაც, 5 წელი გავიდა, ეს საერთოდ არავის გახსენებია. უბრალოდ, როგორც ჩანს, 1 თვის წინ, ბელარუსმა ძალაში შეიყვანა ეს შეთანხმება და ისევ ჩვენმა მავნებლებმა და ჩვენი ქვეყნის მტრებმა დაიწყეს მორიგი პროპაგანდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის გაშავება. იმიტომ, რომ ისეთი რაკურსით დაიწყეს ამ ინფორმაციის გაშუქება და დასავლეთში გაშვება, თითქოს რაღაც არანორმალურ ვითარებასთან გვქონდა საქმე. მეორეს მხრივ, მინდა განვმარტო, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება არცერთი მოქალაქის, მათ შორის ბელარუსის არცერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის და არ იქნება გამოყენებული. ეს არის ჩვეულებრივი ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, ტერორიზმთან დაკავშირებით და ა.შ და ხაზგასმით ვიმეორებ, არცერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ არის მიმართული ეს შეთანხმება და არავითარ პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
- კელი: თუ მთავრობა ბელარუსთან შეთანხმებას არ დატოვებს, ნიშანია, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ
- ლინკევიჩუსი ბელარუსთან შეთანხმებაზე: ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ხუმრობას ჰგავს
-
კრამონი შეთანხმებაზე: ძალიან საშიშია – მთავრობამ ლუკაშენკოს არ უნდა გადასცეს მოქალაქეები
-
კალიურანდი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსის KGB-სთან შეთანხმება





