კორონავირუსი საქართველოში

კალოიანი: აგვისტოში 1 500 სიკვდილი ჩავარდნილი ვაქცინაციის, პოლიტიკური შეზღუდვების ბრალია

ტაბულა

"აგვისტოში გარდაცვლილი 1 500 ადამიანი არის შედეგი ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის, რომელიც ძალიან გვიან დაიწყო და არის შედეგი პოლიტიკური მოტივებით მოხსნილი ან დანიშნული შეზღუდვებისა". – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კალოიანის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემაა, რომელსაც არანაირი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან  არ ქონდა, – "ისევე, როგორც მართვის მესიჯები და ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აგვისტოში დავკარგეთ 1 500 ადამიანი". – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

დღეს, 30 აგვისტოს, Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა  5 929 ადამიანი. ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 017, საიდანაც 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 864 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 38 493 პირი - საკუთარ სახლში. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 660 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 545 033 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 329 და გამოჯანმრთელდა 488 661 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები