The Matrix 4

"მატრიცას" მეოთხე ნაწილი 22 დეკემბერს გამოვა – დეტალები ფილმის პირველი ტრეილერიდან

17 აგვისტოს CinemaCon-ის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ "მატრიცას" მეოთხე ნაწილს The Matrix: Resurrections ერქმევა და ის 22 დეკემბერს გამოვა.

პრეზენტაციაზე აჩვენეს ფილმის პირველი ტრეილერის მომენტებიც, რომელიც ნილ პატრიკ ჰარისის გმირისა და კიანუ რივზის ნეოს საუბრით იწყება.

"გიჟი ვარ?" - ეკითხება ნეო ნილ პატრიკ ჰარისის გმირს, რომელიც ნევროპათოლოგია.

"აქ სიტყვა გიჟს არ ვიყენებთ", - პასუხობს ის.

ასევე, ტრეილერში ჩანს, რომ ნეო კაფეში ხვდება კერი-ენ მოსის პერსონაჟს, თრინითის.

"შევხვედრივართ ერთმანეთს?", - ეკითხება თრინითი ნეოს.

გამოცემა Deadline-ს ინფორმაციით, ვიდეოში ასევე ჩანს სარკეში არეკლილი ნეო, რომელსაც მოხუცის სახე აქვს და ახალგაზრდა მორფეუსი, რომელიც მას ეუბნება, რომ "გაფრენის დროა" და წითელი ფერის ტაბლეტს აძლევს.

ტრეილერი სოციალურ მედიებში ჯერჯერობით არ გავრცელებულა, რადგან Warner Bros-მა ის მხოლოდ CinemaCon-ზე შეკრებილებს აჩვენა.

კომენტარები