ტურიზმი

თურნავა: სექტემბრიდან 2.5 მლრდ ლარის ახალი პროგრამები ჩაეშვება პრემიერის დავალებით

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, უკვე მომზადებულია და პრემიერის დავალებით, პირველი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება ახალი, 2.5 მილიარდი ლარის პროგრამები, რომელიც სვანეთსაც შეეხება. ამის შესახებ თურნავამ ქართული ოცნების მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ეს არის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც, რა თქმა უნდა, სვანეთსაც შეეხება. იმიტომ, რომ აქ ვითარდება მიკროსაწარმოები, საშენი მასალების წარმოება, ხის დამუშავება, მშენებლობა და ეს არის ის დარგები, რასაც ჩვენ ამიერიდან უფრო ძლიერად დავუდგებით გვერდში.

ეს იქნება არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს იქნება თანაგარანტირება, ეს იქნება გრანტები - ახალი კომპონენტი, რაც ახლა შევიმუშავეთ. სწორედ ადგილობრივი წარმოების, დასაქმების მხარდაჭერა დაგვეხმარება, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ პანდემიის ნეგატიური შედეგები და შევინარჩუნოთ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ყველას გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან და პირიქით, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას". – თქვა თურნავამ.

თურნავას მტკიცებით, ტურიზმი სვანეთში ისე განვითარდება, როგორც არასდროს, მათ შორის, ამ პროგრამების დახმარებით.

"ვიცით, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხედავთ, რომ მაქსიმალურად გვერდში გიდგავართ და კვლავაც დაგიდგებით ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ტურიზმი სვანეთში განვითარდება ისე, როგორც არასდროს. სვანეთი არის ძლიერი და საინტერესო არა მხოლოდ როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადგილობრივი მრეწველობის კვლავინდებური მხარდაჭერა". – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები