კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ნებისმიერ კვლევაზე მისულ ორსულს Covid-ტესტს შესთავაზებენ, შეიქმნება Online-კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია Covid 19-ით ბოლო დღეებში რამდენიმე ორსულის გარდაცვალებას "უკიდურესად საგანგაშოდ" აფასებს. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ნებისმიერი მიზეზით მისულ ორსულს Covid-ტესტირებას შესთავაზებენ.

"აქვს სიმპტომი თუ არა, მნიშვნელობა არ ექნება. ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს, სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე. დღევანდელი კოვიდკლინიკები ძირითადად ოჯახის ექიმებითაა დაკომპლექტებულები, ბუნებრივია, ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვლება, რომ მეტად სპეციალიზებული იყოს" - თქვა გაბუნიამ და ორსულებს ფაიზერით ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ნამდვილად გამიჭირდება იმის დაბეჯითებით თქმა, კოლეგები სამეანო პრაქტიკაში რამდენად ურჩევენ ან არ ურჩევენ, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებით, დიდხანს იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ორსულებში ფაიზერით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად, ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში... არ არის გასაკვირი ის, რომ, რადგან გამოცდილება ნაკლებია, ჯერჯერობით, მონაცემებიც მწირია და ზოგიერთმა ექიმმა გარკვეული კითხვის ნიშანი დაუსვას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარების საკითხს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ფაიზერის ვაქცინა ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს და რაც სწრაფად გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და 4 743 დაინფიცირდა.

კომენტარები