თურქეთი

თურქეთში წყალდიდობას 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Reuters

თურქეთის ჩრდილოეთში წყალდიდობას 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიით ყველაზე მეტად შავი ზღვისპირა რეგიონი კასთამონუ დაზარალდა. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის ინფორმაციით, კასთამონუს რეგიონში 36 ადამიანი დაიღუპა, შვიდი ადამიანი – სინოპში, ხოლო ერთი – ბარტინში. დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ევაკუირებულია 1 700-ზე მეტი ადამიანი, 330 სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება, დანგრეულია სახლები და ჩატეხილია ხიდები.

წყალდიდობამდე, თურქეთი ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერ ხანძრებს ებრძოდა. ტყის ხანძრების გამო ათასობით ადგილობრივი მცხოვრებისა და ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრებს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიწვა 100 000 ჰექტარზე მეტი ფართობი.

კომენტარები