ევროპული საქართველო

ევროპელები: თუ პოლიტიკური ნიშნით გითხოვენ, გართმევენ დახმარებას, გემუქრებიან, მოგვმართეთ

ევროპულმა საქართველომ  წარადგინა კამპანია სოციალური მაშველი. პარტიის ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, მოქალაქეებს, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ათავისუფლებენ, სოციალურ დახმარებას ართმევენ, ან ამით ემუქრებიან, შეუძლიათ დარეკონ ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222, ან მიმართონ ყველა მუნიციპალიტეტში პარტიის ოფისებს.

ევროპული საქართველო ასევე მიმართავს მოქალაქეებს, რომ დაუკავშირდნენ, თუ მათ კორუფციის, სახელმწიფო სახსრების ფლანგვის ფაქტების შესახებ იციან.

"ეს ხელისუფლება არ ცდილობს ადამიანების გაჭირვების დამარცხებას, ის ცდილობს, ადამიანების გაჭირვებაზე ხელი მოითბოს. წინასაარჩევნოდ ჩამოივლის ხოლმე თქვენსა და თქვენი მეზობლების სახლებთან და იმუქრება, რომ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, თუ ქართულ ოცნებას მხარს არ დაუჭერთ, მოგიხსნიან სოციალურ დახმარებას, გაგათავისუფლებენ საჯარო სამსახურიდან. 

დარბიან თავად სოციალური სამსახურის ჩინოვნიკებიც. ვხედავთ, როგორ დარბის მაგალითად სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ავთო ცქვიტაია ღამღამობით სოფელ-სოფელ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაშინებლად. ევროპულმა საქართველომ დავიწყეთ მასშტაბური კამპანია - სოციალური მაშველი. ჩვენ დავიცავთ და არ მივცემთ ხელისუფლებას არცერთი ადამიანის დაჩაგვრის შესაძლებლობას". – თქვა ნონიაშვილმა.

კომენტარები