უძრავი ქონების ბაზარი

ბინისა და ქირის ფასი თბილისის უბნებში – უძრავი ქონების მიმოხილვა

თიბისი კაპიტალი თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას ავრცელებს, სადაც 2021 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლებია აღწერილი.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ფასი($) 10.7%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი – 1.7%-ით. მეორე მხრივ, წლიურ ჭრილში 9%-ითაა შემცირებული ბინის ქირის საშუალო გადასახადი, 2019-თან შედარებით კი – 17.8%-ით. 

ივნისის თვეში თბილისში 3 600 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის მაჩვენებელი. 3 600 გაყიდული ბინის განაწილება ადგილის მიხედვით ასეთია:

  • საბურთალო – 17%, 3600-დან
  • დიდი დიღომი – 16%
  • გლდანი – 13%
  • სამგორი – 13%
  • ისანი – 12%
  • ნაძალადევი – 8%
  • დიდუბე – 8%
  • ვაკე – 6%
  • სხვა – 7%

გაზრდილია ბინის ფასებიც. კერძოდ, 2021 წლის მეორე კვარტალში ახალი ბინის 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $746 დოლარია, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. რაც შეეხება ძველ ბინებს, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი აქ $661 დოლარია, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ლოკაციის მიხედვით უძრავი ქონება ყველაზე ძვირი, ტრადიციულად, მთაწმინდასა და ვაკეში ღირს, რომლებსაც საბურთალო, ჩუღურეთი, დიდუბე და კრწანისი მოჰყვება. განაწილება უცვლელია როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების შემთხვევაში.

რაც შეეხება ახალი ბინების მშენებლობის ნებართვებს, 2021 წლის პირველ ნახევარში, თბილისში, 66 ახალი მშენებლობის უფლება გაიცა. 

 

კომენტარები