ელისაბედ მეორის შვილს, პრინც ენდრიუს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

Showbiz

ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, პრინც ენდრიუს, წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. ქალის თქმით, ელისაბედ მეორის შვილმა მასზე სექსუალურად იძალადა, იმ დროს დაზარალებული 17 წლის იყო.

"დღეს ჩემმა ადვოკატმა პრინცი ენდრიუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მე მომიტაცეს და მან ჩემზე სექსუალურად იძალადა. მოვუწოდებ პრინც ენდრიუს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის საქციელზე, ძალაუფლება და სიმდიდრე ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს". – ამბობს ჯუფრე.

ჯუფრეს თქმით, სამეფო ოჯახის წევრს ის ძალის გამოყენებით ჯეფრი ეპშტეინმა მიჰგვარა. ცნობილი ამერიკელი მილიარდერი არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ქსელს მფარველობდა, გავრცელებული მოსაზრებით მისი კლიენტები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. 2008 წელს ეპშტეინმა ციხეში 13 თვე გაატარა. 2019 წელს მილიარდერის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენი წინასწარი დაკავების იზოლატორში მკვდარი იპოვეს, გამოძიების აზრით, მან თავი მოიკლა. 

ჯუფრეს მხრიდან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებმა 2014 წელს გაიჟღერა. წლების განმავლობაში პრინცი კომენტარს არ აკეთებდა, 2019 წელს ჯუფრეს მორიგი ბრალდების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრმა BBC-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღიარა ამერიკელ მილიარდერთან მეგობრობა, თუმცა უარჰყო ნებისმიერი ტიპის სექსუალური ძალადობის ბრალდება. სასამართლოში საქმე პირველად განიხილება.

პრინცი ენდრიუ ელისაბედის მესამე შვილი და მეორე ვაჟია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეების რიგში მეცხრეა.

სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

 

კომენტარები