ენდრიუ კუომო

ფონდ Time's Up-ის ლიდერი სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ გუბერნატორთან კავშირის გამო გადადგა

რობერტა კაპლანი/ენდრიუ კუომო

ფონდის Time's Up დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რობერტა კაპლანი სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ნიუ-იორკის გუბერნატორთან, ენდრიუ კუომოსთან, კავშირის გამო თანამდებობიდან გადადგა. კაპლანი გუბერნატორის ადმინისტრაციის მრჩეველი იყო იმ პერიოდში, როდესაც გასულ წელს კუომოს პირველად დასდეს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. ფონდი Time's Up სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების აღმოსაჩენად შეიქმნა.

კაპლანის თანახმად, ის ადმინისტრაციას იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა გასულ ზაფხულს და ასევე მელისა დეროსას, ენდრიუ კუომოს თანაშემწის იურიდიული წარმომადგენელი იყო. დეროსამ კუომოსთან დაკავშირებული ბრალდებების გამო თანამდებობა 8 აგვისტოს დატოვა.

"სინანულით მივედი დასკვნამდე, რომ აქტიური საადვოკატო პრაქტიკა შეუთავსებელია Time's Up-ის საბჭოს წევრობასთან და ვტოვებ თანამდებობას". – წერს კაპლანი.

გასულ წელს, როდესაც ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროებაში ეკონომიკური განვითარების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა, ლინდსი ბოილანმა დაადანაშაულა, რობერტა კაპლანი ერთ-ერთი იურისტი იყო, რომელსაც ადმინისტრაციამ კონსულტაციისთვის მიმართა. იმ პერიოდში ბოილანი ერთადერთი იყო, ვინც კუომოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ ბოილანის წინააღმდეგ წერილი დაწერა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მის კომპეტენციას და კითხვებს სვამდა ბოილანის მოტივებთან დაკავშირებით. კაპლანი დათანხმდა, წერილი შეეფასებინა. ნიუ-იორკის პროკურატურის ანგარიშის თანახმად, რობერტმა კაპლანმა ადმინისტრაციას უთხრა, რომ მცირედი ცვლილებებით წერილის გავრცელება დასაშვები იყო, თუმცა გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა მრჩევლები ამ აზრს არ ითვალისწინებდნენ და წერილი ფართოდ არ გავრცელებულა.

რობერტა კაპლანმა და თინა ტჩენმა Time's Up-ის იურიდიული დაცვის ფონდი 2018 წელს დააფუძნეს, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარება აღმოეჩინათ. კაპლანი Time's Up-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.


    ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა 11 ქალი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა, ისაუბრა. 

    ლეტიცია ჯეიმსის ცნობით, პროკურატურის გამოძიებით გამოირკვა, რომ კუომომ შეავიწროვა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, თუმცა, მათ გარდა ის სექსუალურად ავიწროებდა იმ ქალებსაც, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდნენ. 

    ჯეიმსის თქმით, კუომო "არასასურველად და ნების საწინააღმდეგოდ ეხებოდა" ქალებს და მათ "სექსუალური ხასიათის მინიშნებებს" აძლევდა. პროკურორის ცნობით, კუომოს ქცევა ქმნიდა "მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის". 

    თავად გუბერნატორი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს.

    კუომოს როგორც ფედერალური, ისე შტატის კანონების დარღვევას ედავებიან. გენერალური პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, კუომო სექსუალურად მხოლოდ მის ოფისში დასაქმებულ ქალებს არ ავიწროებდა, არამედ შტატის საჯარო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც ეხებოდა. 

    "ჩვენ ასევე დავასკვენით, რომ აღმასრულებელი პალატის კულტურას, რომელიც აღსავსე იყო შიშითა და ზეწოლით და სადაც ასევე ნორმალიზებული იყო გუბერნატორის მიერ ხშირი ფლირტი და გენდერზე დამყარებული კომენტარები, წვლილი შეჰქონდა ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც ხელს უწყობდა იმას, რომ შევიწროება ხდებოდა და განგრძობადად მეორდებოდა. ამ კულტურას ასევე გავლენა ჰქონდა იმაზეც, თუ როგორ არასათანადოდ და არაადეკვატურად პასუხობდა აღმასრულებელი პალატა შევიწროების ბრალდებებს". – წერენ გამომძიებლები, ჯუნ კიმი და ენ კლარკი ანგარიშში. 

    ანგარიში მოიცავს 11 ქალის ბრალდებას, რომლებიც კუომოს შევიწროებაში ადანაშაულებენ. როგორც კლარკი ამბობს, გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ 11-ვე ქალის ბრალდება სანდო იყო და მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები სხვადასხვა ხარისხით დადასტურდა.

    კომენტარები