ენდრიუ კუომო

ნიუ-იორკის გუბერნატორს 11 ქალის შევიწროება ედება ბრალად – ნიუ-იორკის პროკურატურა

ენდრიუ კუომო
Forbes

ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა 11 ქალი. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა ისაუბრა

UPDATE 21:38 – ენდრიუ კუომოს თქმით, ის გადადგომას არ აპირებს. მასალა განახლებადია. 

ლეტიცია ჯეიმსის ცნობით, პროკურატურის გამოძიებით გამოირკვა, რომ კუომომ შეავიწროვა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები, თუმცა, მათ გარდა ის სექსუალურად ავიწროვებდა იმ ქალებსაც, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობდნენ. 

ჯეიმსის თქმით, კუომო "არასასურველად და ნების საწინააღმდეგოდ ეხებოდა" ქალებს და მათ "სექსუალური ხასიათის მინიშნებებს" აძლევდა. პროკურორის ცნობით, კუომოს ქცევა ქმნიდა "მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის". 

კუომოს როგორც ფედერალური, ისე შტატის კანონების დარღვევას ედავებიან. გენერალური პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, კუომო სექსუალურად მხოლოდ მის ოფისში დასაქმებულ ქალებს არ ავიწროებდა, არამედ შტატის საჯარო სამსახურის სხვა თანამშრომლებსაც ეხებოდა. 

"ჩვენ ასევე დავასკვენით, რომ აღმასრულებელი პალატის კულტურას, რომელიც აღსავსე იყო შიშითა და ზეწოლით და სადაც ასევე ნორმალიზებული იყო გუბერნატორის მიერ ხშირი ფლირტი და გენდერზე დამყარებული კომენტარები, წვლილი შეჰქონდა ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც ხელს უწყობდა იმას, რომ შევიწროება ხდებოდა და განგრძობადად მეორდებოდა. ამ კულტურას ასევე გავლენა ჰქონდა იმაზეც, თუ როგორ არასათანადოდ და არაადეკვატურად პასუხობდა აღმასრულებელი პალატა შევიწროების ბრალდებებს". – წერენ გამომძიებლები, ჯუნ კიმი და ენ კლარკი ანგარიშში. 

ანგარიში მოიცავს 11 ქალის ბრალდებას, რომლებიც კუომოს შევიწროებაში ადანაშაულებენ. როგორც კლარკი ამბობს, გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ 11-ვე ქალის ბრალდება სანდო იყო და მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები სხვადასხვა ხარისხით დადასტურდა. 

კომენტარები