აგვისტოს ომი

პრაისი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. ახლაც რუსეთის ძალებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვთ ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება." – ამბობს პრაისი.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები