საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრებს ორი ადამიანის, მათ შორის მეხანძრის, სიცოცხლე ემსხვერპლა

AFP

საბერძნეთში ხანძრებს ორი ადამიანის, მათ შორის მეხანძრის, სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადამიანი. ქვეყანაში 150-ზე მეტი ხანძრის კერაა. 6 რეგიონში განგაშის მაღალი დონეა გამოცხადებული.

38 წლის მოხალისე მეხანძრე ათენის გარეუბანში ელექტრობოძის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეორე მსხვერპლი ათენის ვაჭრობის პალატის პრეზიდენტი კონსტანტინოს მიქალოსია. ის ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე ქარხანაში უგონოდ იპოვეს.

ხანძრებთან ბრძოლაში ასეულობით მეხანძრე იღებს მონაწილეობას. სახანძრო ოპერაციებში 20-მდე სპეციალური თვითმფრინავია ჩართული. დამატებით ტექნიკასა და მეხანძრეებს საბერძნეთს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი და აშშ უგზავნიან. 

ცეცხლის გავრცელებას უჩვეულოდ ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქ ათენის ჩრდილოეთით, გარეუბნებში. ათასობით ადამიანს ათენის შემოგარენში სახლების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ძლიერი ხანძარია მახლობელ კუნძულ ევიაზეც. კუნძულიდან ასობით მცხოვრები და ტურისტია ევაკუირებული.

კომენტარები