კრიპტოვალუტა

გენსლერი: კრიპტოვალუტა თაღლითებით სავსე ველური დასავლეთია, რეგულაციები აუცილებელია

SEC-ის ხელმძღვანელი, გარი გენსლერი

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მთავარი მარეგულირებელი კომისიის [SEC] ხელმძღვანელის, გარი გენსლერის თქმით, კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სფერო თითქმის დაურეგულირებელი "ველური დასავლეთია", რომელიც სავსეა თაღლითებითა და ცუდი აქტორებით. 

"კრიპტო სფეროში ინვესტორთა დაცვისათვის საჭირო მექანიზმები ჯერაც არ გვაქვს. გულწრფელად რომ თქვათ, ამჟამად ეს უფრო ველურ დასავლეთია". 

გენსლერის აზრით, SEC-მა კონგრესისგან დამატებითი უფლებები მიიღოს, რათა სათანადოდ დარეგულირდეს სფერო და გარანტირებული იქნეს როგორც ინვესტორთა და საფინანსო ორგანიზაციების, ასევე საცალო მოვაჭრეების დაცულობა. 

"ჩვენი მოვალეობაა ინვესტორების თაღლითებისგან დაცვა, ამისათვის კი მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესებია საჭირო". 

გენსლერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში [MIT] კორიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ სალექციო კურსს კითხულობდა. 

ანალიტიკოსთა შეფასებით, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელად ისეთი პიროვნების დანიშვნა, რომელიც კრიპტოაქტივების ექსპერტია იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა აღნიშნული სფეროს დარეგულირების საკითხს სერიოზულად ეკიდება. 

გენსლერს არაერთხელ უთქვამს, რომ აშშ-ს კანონმდებლობა უნდა იყოს დაბალანსებული და მან ხელი არ უნდა შეუშალოს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს. თუმცა, საჭიროა ინვესტორთა დასაცავად აუცილებელი რეგულაციების მიღება და სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნა, რის გარეშეც მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები და ორგანიზაციები კრიპტოაქტივებში ინვესტირებისაგან თავს შეიკავებენ. 

მისი აზრით, ზომიერი რეგულაციები და გარანტიები ხელს შეუწყობს მოსახლეობის $1.6-ტრილიონიანი კრიპტობაზრით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას. 

"კრიპტო, შესაძლოა, ფინანსურ სფეროში უდიდესი ცვლილებების კატალიზატორი გახდეს. თუკი ამ ინოვაციას მომავალში გადარჩენის შანსი აქვს, მაშინ ის საჯარო პოლიტიკის მიღმა ვერ დარჩება". – თქვა გენსლერმა. 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 11 000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, მათი რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კი არავითარ პრაქტიკულ დანიშნულებას არ ასრულებს და თაღლითური სქემაა. 

2021 წელს კრიპტომარკეტისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას აშშ-ს პოზიცია წარმოადგენს, რამდენად მკაცრი იქნება მარეგულირებელი ორგანოს მიდგომა კრიპტომარკეტის მიმართ, ჯერაც უცნობია.
 

კომენტარები