COVID-19-ის ვაქცინა

ნიუ-იორკში მხოლოდ ვაქცინირებულებს შეეძლებათ რესტორნებითა და დარბაზებით სარგებლობა

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს გადაწყვეტილებით, რესტორნებით, ბარებით, გასართობი ცენტრებითა და სპორტ დარბაზებით სარგებლობა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომელთაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვთ მიღებული და გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტაცია. 

მერის განმარტებით, ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 16 აგვისტოდან შევა, მიზნად ისახავს ვაქცინაციის პროცესის წახალისებასა და დაჩქარებას. 

"ვაქცინირებულებს შეეძლებათ ყველა იმ საოცარი აქტივობებით დაკავება, რომელიც ნიუ-იორკშია ხელმისაწვდომი". – თქვა დე ბლაზიომ. 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის მერის გადაწყვეტილება მოიწონა და ქვეყნის სხვა ქალაქებსაც მოუწოდა მსგავსი რეგულაციების მიღებისაკენ. 

ნიუ-იორკის რამდენიმე მსხვილი სარესტორნო ქსელი უკვე მოითხოვს აცრის დამადასტურებელ მოწმობას, მათ შორის: Union Square Café და Gramercy Tavern-ი. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის 66.3% სრულად არის აცრილი. თუმცა, შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც COVID-19-ის შედარებით საშიში, დელტა შტამის გავრცელებითაა გამოწვეული. 

უკანასკნელ თვეში ნიუ-იორკში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების 72% დელტა ვარიანტზე მოდის. 

CDC-ის ინფორმაციით, აშშ-ის მასშტაბით შემთხვევების 83%-ზე მეტი დელტა შტამს უკავშირდება. 


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი COVID-19-ის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ფედერალურ უწყებებში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების განიხილავს

"დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამ ვიცით, თუკი დარჩენილი 100 მილიონი მოქალაქეც აიცრება, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებთ. ასე რომ, აიცერით".  – თქვა ბაიდენმა.

 
 

კომენტარები