ალტ-ინფო

მედიის უფლებები: GNCC-მ დაადგინა, რომ ALT-INFO-ს ეთერში არ ყოფილა ძალადობისკენ მოწოდება, ზედაპირულად შეისწავლეს

ორგანიზაცია მედიის უფლებების ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს 5, 6, 7 და 12 ივლისის ეთერი და დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ძალადობისაკენ მოწოდებას. კომპანია უხამსობის საბაბით ცნო სამართალდამრღვევად და პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.

მედიის უფლებების მონიტორინგის ჯგუფი არ ეთანხმება კომისიის მიერ უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირების პრაქტიკას, თუმცა ალტ-ინფოს საქმის განხილვისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. ორგანიზაციის ცნობით, კომისიამ წარმოება ფორმალურად და ზედაპირულად ჩაატარა, არ მიიღო მხედველობაში 5 ივლისამდე არსებული მასალები, ხოლო სანქციის გამოყენებისას არათანმიმდევრული პრაქტიკა შექმნა.

29 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ პუტინისტური მედია ალტ-ინფო, ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს ალტ-ინფოს სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს – ალტ-ინტერვიუ და ალტ-ანალიტიკა.

"კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ ალტ-ინფოს ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. ალტ-ინფოს გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ  აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები