Phase Fatale

პროკურატურა: Phase Fatale-მა დისკრიმინაციის მოტივით და დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო

პროკურატურის ინფორმაციით, DJ Phase Fatale-მა, რომელსაც 30 ივლისს ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, გამოკითხვისას უარყო დისკრიმინაციის მოტივითა და დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა. ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი მოქალაქე ლ.ჭ-ს წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ სფეროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო,  იძალადა ჰ.ვ.მ.-ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ჰ.ვ.მ.-მ გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ლ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივლისს DJ-მ სასცენო სახელით Phase Fatale დაწერა, რომ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს კლუბ Sphere-ის დაცვის თანამშრომლების თანმხლები პირები დაესხნენ.

კლუბ Sphere-ის ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა კლუბში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მომუშავე ბარის წევრსა და მოწვეულ არტისტს, Phase Fatale-ს, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა ისინი გააძევეს, არტისტზე თავდასხმა კი კლუბის გარე ტერიტორიაზე მოხდა. 

კომენტარები