ბელარუსი

ნაკრების ხელმძღვანელობის კრიტიკის შემდეგ ბელარუსი ათლეტის ტოკიოდან ძალით დაბრუნება სცადეს

კრისტინა ტიმანოვსკაია
Issei Kato / Reuters 

ბელარუსი ათლეტის კრისტინა ტიმანოვსკაიას ტოკიოდან ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადეს. ტიმანოვსკაია ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობს. ინფორმაციას ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდი ავრცელებს. ორგანიზაცია იმ სპორტსმენების მხარდასაჭერად შეიქმნა, რომლებიც 2020 წლის საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.

"ბელარუსის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლები ათლეტის დეპორტაციას აპირებენ, მას სასწრაფოდ უყიდეს თვითმფრინავის ბილეთი და ბარგთან ერთად აეროპორტში მიჰყავთ. ხვალ მას 200-მეტრიან გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა, ნაკრების წარმომადგენლები [შეჯიბრზე] არ უშვებენ და მინსკში აგზავნიან" - ამბობსდა ორგანიზაცია. 

რამდენიმე დღის წინ ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ბელარუსის ნაკრების ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. ათლეტის თქმით, ის უკითხავად ჩაწერეს 4x400 მეტრის ესტაფეტაზე და ტიმანოვსკას უნდა ჩაენაცვლებინა სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადაზე არ დაუშვეს დოპინგზე ტესტების არასაკმარისი რაოდენობით გაკეთების გამო.  

კრისტინა ტიმანოვსკაია ბელარუსის სამთავრობო ტელეგრამ-არხებსა და ტელევიზიებზე ვიდეოს გამოქვეყნებისთვის აქტიურად გააკრიტიკეს. ოფიციალურად უცნობია, იყო თუ არა ტიმანოვსკაიას ბელარუსში იძულებით დაბრუნების მცდელობა დაკავშირებული კრიტიკულ ვიდეოსთან. თავად ათლეტმა ევრორადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ბელარუსის დელეგაციის წარმომადგენლებისგან პრეტენზია ან კრიტიკა არ მიუღია და უბრალოდ უთხრეს, ბარგი ჩაელაგებინა და სახლში გაფრენილიყო. 

აეროპორტში მიყვანისას ტიმანოვსკაიას ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი და ფისიქოლოგი ახლდა. ჰანედას აეროპორტში ათლეტმა დახმარება პოლიციას სთხოვა. Reuters-სთან საუბარში ტიმანოვსკაია ამბობს, რომ ბელარუსში დაბრუნებას არ აპირებს. მას ტოკიო-სტამბოლის რეისზე, რომლითაც უნდა გაფრენილიყო, რეგისტრაცია არ გაუვლია. ტიმანოვსკაიამ ასევე ისაუბრა ევროპაში თავშესაფრის თხოვნის გეგმაზე. ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის თანახმად, ათლეტი აპირებს, ტოკიოში ავსტრიის საელჩოს მიმართოს. თავის მხრივ, ფონდმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარების თხოვნით მიმართა თავად ტიმანოვსკაიამაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თქმით, კომიტეტმა ათლეტთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა დაიწყო. 

ბალრუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მტკიცებით, კრიტინა ტიმანოვსკას ოლიმპიადიდან გამოხმობა დაკავშირებულია ექიმების დასკვნასთან, მის "ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით". ტიმანოვსკაიას თქმით, ეს სიცრუეა.

კომენტარები