ავსტრალიელი ტურისტის გარდაცვალება

შსს ადასტურებს, რომ ნაპოვნი ცხედარი ავსტრალიელი ტურისტისაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე ნაპოვნი ცხედარი ავსტრალიელი ტურისტის, შანაე ბრუკისაა. მათივე ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. 

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

თბილისში ავსტრალიელი ტურისტი გუშინ, 30 ივლისს გაუჩინარდა. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.

როგორც მისი მეგობარი Facebook-ზე წერს, შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

კომენტარები