რუსეთი

რუსეთში 2 ადამიანი უკრაინისთვის C-300 სარაკეტო სისტემის დეტალების გადაცემისთვის გაასამართლეს

რუსეთში სასამართლომ სახელმწიფო ღალატში და ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო რუსეთის მოქალაქე დენის ლობოვი და სომხეთის მოქალაქე არარატ ხაჩატრიანი. ინფორმაციას, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით, გამოცემა TASS-ი ავრცელებს.

სპეცსამსახურების თანახმად, ბრალდებულები აგროვებდნენ ინფორმაციას კლისტრონებზე, რომლებიც საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-300 ნაწილია, გარდა ამისა, ისინი ამ დანადგარის ნიმუშებს უკრაინას გადასცემდნენ. კლისტრონი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც მაღალი სიხშირის რადიო ტალღების გაძლიერებისთვის გამოიყენება.

FSB-ს ინფორმაციით, ლობოვი აღჭურვილობას საკუთარი სახლის სარდაფში ინახავდა, ხოლო ხაჩატრიანი ნიმუშებს უკრაინაში იმ ადამიანების საშუალებით აგზავნიდა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ცხოვრობენ. FSB-ს თქმით, კლისტრონებს სახელმწიფო კომპანია უკრობორონპრომი იღებდა. უკრობორონპრომი ​თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების გაერთიანებაა, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია.

დენის ლობოვს 9.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო არარატ ხაჩატრიანს 10 წლითა და 5 თვით. სასჯელს ისინი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.

კომენტარები