ავღანეთი

ჩინეთი: ველით, რომ თალიბანი ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს

მოლა აბდულ ღანი ბარადარი, თალიბანის ერთ-ერთი თანადამაარსებელი

თალიბანის 9-კაციან დელეგაციასა და ჩინეთის წარმომადგენლობას შორის შეხვედრა ჩინეთში გაიმართა. თალიბანის დელეგაციას უძღვებოდა ერთ-ერთი თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ თალიბანის დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ ისინი ელიან თალიბანისგან ავღანეთში მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის ხელახლა აშენებაში მნიშვნელოვანი როლის თამაშს. 

თალიბანის დელეგაცია ჩინეთში ორდღიან ვიზიტს მართავს. ფუნდამენტალისტური დაჯგუფების თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამშვიდობო პროცესი და  უსაფრთხოების საკითხები. 

ვანგ იმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ თალიბანი შეაჩერებდა აღმოსავლეთ თურქისტანის ისლამურ მოძრაობას, რომელიც ჩინეთის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. დაჯგუფება ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მოქმედებს და ეთნიკური უიღურებისგან შედგება.

"ისლამურმა საამირომ ჩინეთი დაარწმუნა, რომ ავღანეთის მიწა არცერთი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული". – თქვა თალიბანის წარმომადგენელმა.

გასულ კვირაში თალიბანის დელეგაცია რუსეთსაც ეწვია.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები