შარლ მიშელის შეთანხმება

ვაშაძე: იმედია, ოპოზიცია არ დაიწყებს გარჩევას, რა იყო სწორი და არასწორი, ცუდი და კარგი

შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ  დოკუმენტის ანულირებით დაამტკიცა, რომ არჩევნების ეშინია და 43%-იანი ბარიერი არ აწყობს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არ ელოდა. 

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ვაშაძე ვარაუდობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობა, დასავლეთის სანქციებს დააჩქარებს. 

"კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნებამ, რომ მართლა ძალით მოვაწერინეთ ხელი. მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი. იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ბარიერის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი. ამიტომაც ახლა ოპოზიციის ფლანგს მინდა მივმართო. იმედია, ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევას, რა იყო კარგი და რა ცუდი, რა იყო სწორი და არასწორი. ძაან ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ და პირველ რიგში, მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ, რას ფიქრობენ. მე მართლა მინდა თქვენთან ერთად მივიღო გადაწყვეტილება". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

კითხვაზე, სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს ტოვებს, ვაშაძე პასუხობს, რომ არ იცის და ყველას თავისი გზა აქვს. 

"არ მგონია, რომ ცხელ გულზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას დასჭირდება გარკვეული დრო". – აღნიშნავს ვაშაძე. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები