მთავარი არხი

ფინანსთა მინისტრი მთავარზე: შემოწმება დაიწყება და დასრულდება, სპეკულირება კარგი არ არის

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი

"შემოწმება დაიწყება და დასრულდება, სპეკულირება კარგი არ არის". – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას.

"ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყება და დასრულდება, გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე. უბრალოდ, ამ თემით სპეკულირება, პოლიტიკური ქულების დაწერა და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, არ არის კარგი. სულ ეს არის!" - წერს ფინანსთა მინისტრი.

მინისტრის მტკიცებით, საზოგადოებას "ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია" მიეწოდება.  

"მთავარ არხში ფინანსური პოლიცია შევიდა - ნახსენები "ფინანსური პოლიცია", რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არსად არ შესულა და არანაირ ღონისძიებას არ ახორციელებს;

მთავარ არხში საგადასახადო სამსახური შევიდა - შემოსავლების სამსახური მთავარ არხში არ შესულა და არანაირ ღონისძიებას იქ არ ახორციელებს. შემოსავლების სამსახური ატარებს გეგმიურ კამერალურ საგადასახადო შემოწმებას სარეკლამო სააგენტოში, რომელიც სხვა პირებთან ერთად მომსახურებას უწევს მთავარ არხს;

შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შევიდა - შემოსვლების სამსახური არსად არ შესულა. შემოსავლების სამსახური ახორციელებს კამერალურ საგადასახადო შემოწმებას ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში (მიმდინარე თვეში სხვა 500 კომპანიასთან ერთად), რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ჩვეულებრივ, სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე პროცედურის დასრულებას;

ხდება უკანონო, ე.წ. შავი ფულით დაფინანსების შემოწმება - შემოსავლების სამსახურის ფუნქცია და ვალდებულება არ არის დაფინანსების წყაროების შემოწმება და კამერალურ საგადასახადო შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ მოიცავს საგადასახადო ვალდებულების სიზუსტის შემოწმებას;

შესაძლებელია ხელი შეეშალოს ტელეკომპანიას საქმიანობაში - გარდა იმისა რომ შემოწმებას არანაირი შეხება არ აქვს "მთავარ არხთან", კამერალური საგადასახადო შემოწმების ეს პროცესი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებს იმგვარ პროცედურას, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს კომპანიას საქმიანობაში. მაქსიმუმ რამოდენიმე საათი დაეხარჯოს კომპანიის აუდიტორს ინფორმაციის მოწოდებაში". - წერს ის. 

ლაშა ხუციშვილის მტკიცებით, პროცედურა გადასახადის გადამხდელებისთვის უცხო არ არის და წლის განმავლობაში 8000-მდე ასეთი კამერალური შემოწმება ტარდება, ათი ათასობით სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია აქვთ გადასახადის გადამხდლებთან. ხუციშვილი ამტკიცებს, რომ დღეს, "ისე როგორც არასდროს", საგადასახადო ადმინისტრირება ორიენტირებულია საგადასახადო დარღვევების პრევენციაზე და არა დასჯაზე. 

"არც კი ღირს შედარების გაკეთება, ამას კარგად ხედავს ყველა. ის რაც ერთ დროს მართლა კრიმინალად ითვლებოდა (ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება), დღეს სრულად ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება". – წერს ის.  

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური დღეს, 27 ივლისს შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა.   

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი განცხადებაში ამტკიცებს, რომ სარეკლამო სააგენტოში შესვლა სტანდარტული პროცედურაა და მთავარმა არხმა ეს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. 

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

"რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე". – თქვა გვარამიამ. 

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია. 

კომენტარები