მთავარი არხი

შემოსავლების სამსახური მთავარზე: სტანდარტული პროცედურაა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს

itv

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყება ამტკიცებს, რომ გადამხდელებს გეგმიურად მუდმივად ამოწმებენ, ივლისის თვეში კი დამატებით 5 000 გადამხდელი შეარჩიეს - მათ შორის, მთავარი არხის მიერ დასახელებული სააგენტო. საგადასახადო სამსახური ამტკიცებს, რომ კონტროლი უშუალოდ მთავარ არხს არ ეხება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას". - წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის ინფორმაციით, ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში სხვა სარეკლამო კომპანიებიც მოხვდნენ და ღონისძიება შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურაა, რომელიც "გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლასა და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას" ითვალისწინებს.

"დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას". - წერია განცხადებაში. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა. 

გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

"რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე". – თქვა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.

კომენტარები