COVID-19-ის ვაქცინა

ევროკომისია: მიზანი მიღწეულია, EU-ს ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებულია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირმა მიზანს თითქმის სულად მიაღწია და ივლისის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა მოახერხა

კომისიის ცნობით, 18 წელს ზევით მოსახლეობის 57% სრულად ვაქცინირებულია და მათ ორივე დოზა აქვს მიღებული, 70%-ს კი – ერთი დოზა მაინც. 

"ჩვენი მიზანი იყო, ივლისის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 70% დაგვეცვა ვაქცინის ერთი დოზით მაინც და ამ მიზანს მივაღწიეთ". – თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

ევროკავშირის მასშტაბური ვაქცინაციის პროგრამა აშშ-ს, ბრიტანეთსა და ისრაელთან შედარებით გვიან დაიწყო, რაც ვაქცინების მიწოდების შეფერხებით იყო გამოწვეული. თუმცა, თითქმის ნახევარ წელიწადში ვაქცინაციის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. 

"ვაქცინაციის პროცესი წარმატებული იყო, თუმცა ჩვენი ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. დელტა ვარიანტი ძალიან საშიშია. 

ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დასაცავად". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირის შემდეგი მიზანი არასრულწლოვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აცრაა, რაც ჯერაც გამოწვევას წარმოადგენს.

ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს ავტორიზაცია არასრულწლოვანებში მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინას აქვს, რომლის მიღებაც მხოლოდ 12 წლიდანაა ნებადართული. 

კომენტარები