შსს

შსს: საერთაშორისო სპეცოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა – ამოღებულია 75 მლნ ლარის ჰეროინი

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა - ამოღებულია 368 კგ. 75 მილიონი ლარის ჰეროინი და დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი. 

შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციაში საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის სამართალდამცავები იყვნენ ჩართული. დაჯგუფების წევრებს ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში ჰეროინი ჰქონდათ დამალული და ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით უკრაინაში, შემდეგ კი ცენტრალურ ევროპაში გატანას გეგმავდნენ. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, უკრაინაში ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. რვა თვის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბურ სპეცოპერაციაში სამი ქვეყნის - სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები მონაწილეობდნენ. პოლიციამ მიმდინარე წლის 22 ივლისს, ქალაქ კიევში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე დააკავა ორგანიზებული დაჯგუფების ორი წევრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. 

სომხეთის, საქართველოს და უკრაინის სამართალდამცველები, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მხილების მიზნით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდა, რომ ტრანზიტულად გადასაზიდ ტვირთში დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს გავლით, უკრაინაში უნდა ყოფილიყო გადაზიდული, საიდანაც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მისი ცენტრალურ ევროპაში გატანა მოხდებოდა". – წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებას უკრაინელი სამართალდამცველები განაგრძობენ. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები