ბელარუსი

ლუკაშენკოს მთავრობამ ბელარუსში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა

ბელარუსის პოლიციას ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციიდან გააქვთ საბუთები და კომპიუტერები, 2021 წლის თებერვალი
EuroNews

ბელარუსში სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე 10 ივლისს დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ ჯამში 56 არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა.

ამის შესახებ ინფორმაცია Deutsche Welle-ს რუსულ გამოცემას უფლებადამცველთა ცენტრმა, Весна-მ მიაწოდა. 

დახურულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან მედია პლატფორმები და ადამიანის უფლებათა დამცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.

10 ივლისის შემდეგ ბელარუსის პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციებში 60-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის უცხოური ორგანიზაციებისგან გაწმენდის შესახებ ისაუბრა. 

ბელარუსის მთავრობის ქმედებებს უარყოფითი შეფასება მოჰყვა აშშ-დან, ევროკავშირიდან და გაეროდან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა ამ პროცესს "დაუშვებელი რეპრესიები" უწოდა. 


ივნისში ევროკავშირმა აშშ-სადა კანადასთან ერთად ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სანქციები დაკავშირებულია ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებასთან.

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული. პრატასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

კომენტარები