ირაკლი კობახიძე

კობახიძე ივანიშვილზე: ნამდვილი მოჭადრაკეა პოლიტიკაში, რთული იყო მისი წასვლის შემდეგ

Mzia Saganelidze (RFE/RL)

"იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ, რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეთერში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. 

მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი მოჭადრაკე იყო. 

"რამდენჯერმე ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ ის იყო ნამდვილი მოჭადრაკე პოლიტიკაში. როდესაც ერთ სვლას აკეთებდა, მინიმუმ, 7-8 სვლა ჰქონდა გათვლილი, რაც საკმაოდ რთული რამ არის. როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს. ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები". - ამბობს კობახიძე. 

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა. 

კომენტარები