ოლიმპიადა

სამხრეთკორეულმა არხმა ოლიმპიადაზე უკრაინის ნაკრების წარდგენისას ჩერნობილის ფოტო აჩვენა

კადრი MBC-ს ტრანსლაციიდან: უკრაინის ნაკრების გამოსვლისას კადრზე ჩერნობილის ფოტოა გადადებული
The Korea Herald

სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა უმსხვილესმა არხმა MBC-მ ოლიმპიური თამაშების გახსნის ტრანსლაციის დროს ქვეყნების ნაკრებების წარდგენისას შეუფერებელი ფოტოები და აღწერა აჩვენა. არხმა ინციდენტის გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

უკრაინის ნაკრების წარდგენისას MBC-მ ჩერნობილის კატასტროფის ფოტო გამოიყენა, ჰაიტის წარდგენისას - ძალადობრივი პროტესტის ფოტო და პრეზიდენტის მკვლელობის ინფორმაცია, ელ სალვადორის წარდგენისას - ბიტკოინის ფოტო, თურქეთის წარდგენისას - მენაყინის და მომღერალის, კარდი ბის ფოტო.

ქვეყნების დასახასიათებლად არხმა ასევე საჭმლის ფოტოები გამოიყენა, იტალიისთვის - პიცა, იაპონიისთვის - სუში, ნორვეგიისთვის - ორაგული.

მარშალის კუნძულების აღწერაში ეწერა, რომ ის აშშ-ს ბირთვული პროგრამის გამოცდის ყოფილი პოლიგონია.

არხმა ოფიციალური ბოდიში მოიხადა.

"ზოგიერთი ქვეყნის წარდგენისას შეუფერებელი სურათები და აღწერები იყო გამოყენებული. ბოდიშს ვუხდით ამ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას და ჩვენს მაყურებლებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევამ მაყურებლების აღშფოთება გამოწვია.

"Google-ში ნაპოვნი პირველივე ფოტო გამოიყენეს" - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ფორუმზე.

"როგორც კორეელმა, უნდა ვთქვა, რომ ეს არასწორია და კორეელების უმეტესობა, ჩემი ჩათვლით, დაბნებული ან აღშფოთებულია". - წერს კიდევ ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი.

 

კომენტარები