პრაიდის კვირეული

თაბაგარი 5 ივლისზე: მთავრობა მოძალადე ჯგუფებთან უნისონში მოქმედებდა, დანარჩენი შირმაა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"ხელისუფლება უნისონში მოქმედებდა მოძალადე ჯგუფებთან და ყველაფერი დანარჩენი შირმაა!" - წერს თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი. თაბაგარი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერვიუს ეხმაურება. 

თაბაგარის შეფასებით, საკვანძო საკითხებზე გომელაურის ანალიზი თვისებრივად მცდარი და არასწორ პოლიტიკაზე დაფუძნებულია.

"შს მინისტრი რამდენჯერმე ამბობს, რომ ვერ დააკავებდნენ 500, 1000 თუ 3000 ადამიანს. კარგით, დავუშვათ რომ ეს წარმოუდგენელი იყო უკვე ძალადობის მომენტში, თუმცა რა პრევენციული სამუშაოები გაატარეს სუსმა და შსს-მ, რომ თავიდან აერიდებინათ 5 ივლისის მოვლენები?!

მითუმეტეს, რომ უკვე არსებობდა ძალადობის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია. უფრო მეტიც, 1 ივლისს, ფილმის ჩვენებაზე, 20 მოძალადე დააკავეს და მეორე დღესვე გამოუშვეს ხელწერილებით. ზუსტად იგივე ადამიანებმა დააორგანიზეს 5 ივლისის პოგრომიც.

გარდა იმისა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებზე შეეძლოთ ემოქმედათ, პოლიტიკურ ნაწილშიც არაფერი გააკეთეს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს თუ ქალაქის მერს მინიმუმ მოწოდების გაკეთება შეეძლოთ მოქალაქეებისთვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში. ამ დროს, ყველა მათგანმა, ცალ-ცალკე, მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. ამას მოწმობს ფალავანდიშვილის შეფასებებიც ღარიბაშვილის განცხადებაზე". - წერს თაბაგარი.

გიორგი თაბაგარი წერს, რომ ხელისუფლებას შეეძლო, მოლაპარაკება ეწარმოებინა საპატრიარქოსთან, ვასაძესთან და მორგოშიასთან, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს იღებენ ხელისუფლებისგან პირდაპირი მილიონებით, მიწებით თუ ტენდერების სახით.

"სურვილის შემთხვევაში მათ შეეძლოთ ამ ძალადობის შეკავება! დღემდე არ არის დაკავებული ძალადობის არცერთი ორგანიზატორი, იმის მიუხედავად რომ მტკიცებულებები ხელის გულზე დევს!" - წერს ის.  

გუშინ, 22 ივლისს ვახტანგ გომელაურმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში 5 ივლისის ძალდობრივ მოვლენებზე საუბრისას თქვა, რომ პოლიცია ყველა ლოკაციაზე იყო განაწილებული და "საკმარისი პოლიციელი ვერასდროს ვერ იქნება". მისივე სიტყვებით, "გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლიდან იწყება თემა და შემდეგ უნდა აჰყვე ზევით". გადადგომაზე დასმულ კითხვაზე გომელაურმა უპასუხა, რომ თუ ამას გუნდი გადაწყვეტს, დაემორჩილება.  

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები