ჟურნალისტებზე ძალადობა

გომელაური: თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თანამდებობა დავტოვო, დავემორჩილები

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ყველა პირი, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდა, უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, 27 ადამიანი დაკავებულია და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კითხვაზე, ვინ უნდა აიღოს მმართველ გუნდში მომხდარზე პასუხისმგებლობა, გომელაური პასუხობს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. 

"პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენც და ჩვენს გუნდს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მე ვთვლი, ისაა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე. ასევე პოლიციელებზე და მოქალაქეებზე. თუ თქვენ გულისხმობთ თანამდებობის დატოვების თემას, რა თქმა უნდა, პრემიერი გვყავს ჩვენ, პოლიტსაბჭო, გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მე დავემორჩილები".- ამბობს გომელაური. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

კომენტარები