ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: მეუფე ანტონის 8 კომპანიიდან 2 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს

ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას, იგი პირადად ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების ყრილობებს ესწრება და დაფინანსების გაზრდას ითხოვს. 

"მეუფე ანტონი, რომელიც ჟურნალისტებისადმი აგრესიითა და სიძულვილის ენით გამოირჩევა, 2020 წლის სექტემბერში ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრო.

მის კომპანიებს სახელმწიფო მეტწილად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებს: შპს დოზოჯისგან კულტურის სამინისტრომ სუვენირები შეიძინა, ხოლო შპს ვინოგრადს ისნის გამგეობამ დაზიანებული კორპუსები გადაახურინა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მეუფე ანტონი ფლობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას – 160 კვადრატულ მეტრამდე ბინას თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და უძრავ ქონებას წავკისში, ტაბახმელაში, ვანში და ბაღდათში.

"მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ანტონი დიდძალ ქონებას განკარგავს და აქტიურად არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით, მას მაინც მიაჩნია, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს უფრო მეტს უნდა უხდიდეს, ვიდრე ახლა უხდის". – ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

კომენტარები