მთელი აზიის მასშტაბით, ჩინურმა ვაქცინებმა იმუნიზაციის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს და მილიონობით ადამიანი ვირუსით გამოწვეული სიკვდილისგან იხსნეს, მაგრამ უკანასკნელ ხანებში სინოფარმისა და სინოვაკის მიმართ კითხვები ჩნდება.
კერძოდ, წინა კვირაში, ტაილანდმა ვაქცინაციის გეგმა შეცვალა – ამიერიდან, ქვეყნის მოქალაქეები ორი დოზა სინოვაკის ნაცვლად სინოვაკისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით აიცრებიან. მეტიც, ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც უკვე აცრილია ორი დოზა სინოვაკით, ბუსტერის სახით, მესამე დოზად სხვა ვაქცინას მიიღებენ.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ინდონეზიამაც, რომელიც სინოვაკით აცრილ სამედიცინო პერსონალს დამატებით მოდერნას ვაქცინას უკეთებს.
გადაწყვეტილებები ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა – კონკრეტული წყაროს მიხედვით, ქვეყნებში ვაქცინირებულ ასობით სამედიცინო პერსონალს ვირუსი დაუდგინდა, რამდენიმე მათგანი კი გარდაიცვალა.
ტაილანდისა და ინდონეზიის მთავრობების განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან ჩინური ვაქცინების პოტენციურად სუსტი იმუნიზაციის ხარისხის გამო და განსხვავებული ტიპის ვაქცინების დამატება ან ჩანაცვლება სწორედ ამ რისკის შემცირებას ემსახურება. თუმცა, მხარეები ასევე აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ეჭვის დონეზეა და მტკიცებულებები სინოვაკის არაეფექტიანობაზე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ კლინიკური ცდების მიხედვით, სინოფარმისა და სინოვაკის ეფექტიანობა 50-79%-ის შუალედშია, რაც არა გარდაცვალების, არამედ სიმპტომური კოვიდ-19-ის განვითარების პრევენციას გულისხმობს. მეორე მხრივ, აღნიშნული ვაქცინები გართულებული კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების პრევენციისთვის 98%-100%-ით ეფექტიანია.
ის ფაქტი, რომ სინოვაკით აცრილ პაციენტებში ვირუსის გავრცელების დონე მაღალია, შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა შეზღუდულია. ტაილანდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სინოვაკით აცრილ ადამიანებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების რაოდენობა ყოველ 40 დღეში ერთხელ ნახევრდება.
მეორე ფაქტორი, შესაძლოა, ვირუსის ახალი, ბევრად საშიში ვარიანტები იყოს. მაგალითად, ვირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც უფრო გადამდები და მომაკვდინებელია, ინდონეზიაში გამოვლენილი შემთხვევების 60%-ში ფიქსირდება, ტაილანდში კი – 26%-ში. წინასწარი, გადაუმოწმებელი კვლევების მიხედვით, ისეთი ტრადიციული მექანიზმის მქონე ვაქცინები, როგორიცაა სინოფარმი და სინოვაკი, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, შესაძლოა, 20%-ით ნაკლებად ეფექტიანი იყოს.
მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 100%-ით ეფექტიანი ვაქცინა არ არსებობს და სინოფარმითა და სინოვაკით არაერთი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. ამას გარდა, საინტერესოა, რომ ინფექციის გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება ჩინეთში, სადაც 630 მილიონზე მეტი ადამიანი რომელიმე ჩინური ვაქცინითაა აცრილი.