ჟურნალისტებზე ძალადობა

შსს: TV პირველის ოპერატორზე ძალადობის გამო კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.გ, რომელმაც 5 ივლისის აქციაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები". – ვკითხულობთ განცხადებაში. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

კომენტარები